მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"90-იანი წლების გზას რომ არ დავუბრუნდეთ, ერთადერთი გარანტია ევროინტეგრაციაა" - ზვიად კორძაძე

ზვიად კორძაძე

"კორძაძის საადვოკატო ბიუროს" მენეჯერი, იურისტი ზვიად კორძაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ერთადერთი გარანტიაა იმისთვის, რომ ქვეყანა რუსულ გზაზე არ დაბრუნდეს - ამის შესახებ კორძაძემ უზენაეს სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო დემონსტრაციაზე Bmg-ს განუცხადა.

"ხალხი, რომელიც ახლა ქუჩაში დგას, საქართველოს იმიჯისთვის იბრძვის, რომ გამოვჩნდეთ დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, რომელსაც ევროპულ ოჯახში. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდი შესახედი ვიქნებით გარედანაც და შიგნიდანაც, სხვა გზა მიდის რუსეთში, იქით, სადაც დაბრუნება არავის უნდა. მახსოვს, სად ვიყავით 90-იანი წლების დასაწყისში და არავის აქვს უფლება, ამ გზაზე დაბრუნების. ამ გზაზე დაუბრუნებლობის ერთადერთი გარანტია არის ჩვენი ევროინტეგრაცია", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

იურისტის თქმით, უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციების მიზანი იგივეა, რაც ბოლო დღეებში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილეების. კორძაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება EU-ში გაწევრიანების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ ანტიკონსტიტუციურია და ქვეყანამ ევროპული კურსიდან არ უნდა გადაუხვიოს.

"ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რის გამოც ქართველი ხალხი ეს დღეებია რუსთაველზე დგას: არა ევროპული კურსიდან გადახვევას, არა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას და არა იმას, რაც ხდება დაკავებულებთან მიმართებით, როდესაც სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 350-მდე ადამიანს აქვს გარკვეული დაზიანებები და არიან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. მოთხოვნა ძალიან მარტივია, ქვეყანამ არ უნდა გადაუხვიოს ევროპულ კურსს.

[კობახიძის განცხადების] შეიძლება შინაარსი ვერ გაიგოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება, მაგრამ ამდენ იურისტზე ვერ ჩაითვლება, რომ ვერ გაიგეს. ითქვა, რომ აქტიურობა აღარ იქნება გაწევრიანებასთან მიმართებით და მხოლოდ შიდა აქტივობებით შემოვიფარგლებით. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, რადგან იქ წერია, რომ ყველა საჯარო პირი ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი ევროინტეგრაციისთვის. ამ დროს განცხადება, რომ რაღაცას ახლა გავაკეთებთ და რაღაცას - 4 წლის მერე, გასაგებია, რასაც ნიშნავს", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები