მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანმა პრეზიდენტმა, პოლ ბიამ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მე-8-დ მიიღო, დღეს თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მან ხმების 53.66% მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა ისა ჩირომა ბაკარიმ კი მხოლოდ 35.19%. ოპოზიციამ შედეგები გაყალბებულად გამოქვეყნებამდევე გამოაცხადა და ანტისამთავრობო პროტესტი წამოიწყო. პროტესტი, რომელსაც უკვე 10-მდე დემონსტრანტი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა.
ამჟამად შეტაკებები დედაქალაქ იაუნდეში, ასევე მსხვილ ქალაქებში, დუალასა და გარუაში მიმდინარეობს. პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს. საპასუხოდ, ოპოზიციის მომხრეებმა გადაკეტეს გზები, დაწვეს საბურავები. ასევე შეიჭრნენ პოლიციის შენობაში, რამაც სამხედრო შენაერთების გამოყვანის საჭიროება გააჩინა. მთავრობა პირობას დებს, რომ ყველა მოძალადეს მკაცრად დასჯის და ქვეყნის მასშტაბით სიმშვიდეს აღადგენს. ოპოზიცია კი უკან დახევას არ აპირებს.
როგორც ბაკარის ბანაკში განმარტავენ, პოლ ბიამ არჩევნები უმძიმესი დარღვევების, მოსყიდვისა და დაშინების ფონზე ჩაატარა. მათ ბრალდებას ამყარებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებები, რომელთა თანახმადაც არჩევნებმა შეზღუდულად გამჭვირვალედ ჩაიარა.
ცნობისთვის, ქვეყანაში არჩევნებში 12 ოქტომბერს ჩატარდა, კამერუნის ცესკომ კი დააანონსა, რომ შედეგები დღეს, 27 ოქტომბერს გახდებოდა ცნობილი. გასული 15 დღის განმავლობაში როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა, ისე ოპოზიციის კანდიდატმა განაცხადეს, რომ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს. ვითარების დეესკალაციის მიზნით 92 წლის პრეზიდენტმა კონკურენტს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, რაზეც ბაკარისაგან უარი მიიღო.



























