მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$93 მილიონით განახლებული Pace-ის ფოთის ტერმინალი შემოდგომაზე გაიხსნება

60530bffb820c
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.21 12:30
3397
ფოთში, $93-მილიონიანი ინვესტიციით, ახალი ნავმისადგომი შენდება. პროექტს ფოთის პორტის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული კომპანია Pace Group-ი ახორციელებს. პროექტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გაიმართა მოსმენა. მასზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პირველი ფაზით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება.

ახალი ნავმისადგომი 27 ჰექტარის ფართობზე შენდება და მისი სიგრძე - 260 მეტრს, ხოლო წყლის სიღრმე 13 მეტრს შეადგენს. პროექტი 20 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის დახურული და 150 ათასი კვადრატული მეტრის ღია სასაწყობო მეურნეობისგან შედგება. მისი მეშვეობით ძირითადად ცენტრალური აზიიდან წამოსული მშრალი/ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება მოხდება. ახალ პორტს 215 მეტრის სიგრძის, 12.5 სიღრმის ფსკერის მქონე და 50,000 ტონის ტვირთამწეობის გემების მიღება შეეძლება.

პროექტის პირველი ფაზის საერთო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს აშშ-ის კერძო საგარეო საინვესტიციო კორპორაცია (DFC), ხოლო დარჩენილ 43 მლნ დოლარს Pace Group-ი წილობრივი მონაწილეობის სახით. ეს ამ დროისთვის, საქართველოში DFC-ის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია.

“აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში არსებულ არც ერთ ნავსადგურს, არც ბათუმის და არც ფოთის ნავსადგურს, ასეთი სიღრმე არა აქვს. 13 მეტრის სიღრმე საშუალებას მოგვცემს 50,000-ტონიანი გემები მივიღოთ, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთ პორტს არ შეუძლია. მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დავიწყეთ, პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი თათეიშვილმა.

პროექტის თანახმად, ახალ ნავმისადგომს წლიურად 6.5 მილიონი ტონა ტვირთების გადამუშავება შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები