"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. მან ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები.
"ჩვენი უხეში გაანგარიშებით და მინდა გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 თვეში, მაქსიმუმ აპრილში გვექნება დაზუსტებული მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით, 2 თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 - ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი - საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ერთის გამოკლებით სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში მიგრაციას განაპირობებს.
„პირველ რიგში, ვიტყვი იმას, თუ როგორია საერთო მოცემულობა - საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მლნ 914 ათასი ადამიანი, აქედან მაქსიმუმ 257 ათასი არის უცხოელი. რატომ ვამბობთ მაქსიმუმს - საქსტატს არ აქვს დაზუსტებული მონაცემები, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 25 ივნისს და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება კონკრეტულ შემთხვევებში. მაქსიმალური რაოდენობა არის 257 ათასი. რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში იმიგრაციას, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და, ასეთ პირობებში, რთულია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული მიგრაციული პროცესების მართვა. მოგეხსენებათ, განათლების სისტემა არის, ასევე, გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში, დღეს, სწავლობს 37 000 უცხოელი სტუდენტი. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული, ასეთი ინტერესი არ არის. და რა თქმა უნდა, არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ძალისხმევა არის საჭირო,“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, დაახლოებით 20 ათასი პირი იმყოფება საქართველოში არალეგალურად და გასული 12 თვის განმავლობაში გააძევეს იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში.
კობახიძის განცხადებით, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და ეს განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში.
„რაც შეეხება ნებართვის მეორე კატეგორიას, ეს არის მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომლითაც სარგებლობს საქართველოში 28 363 უცხოელი მოქალაქე. ეს არის 26,4% მთლიანად ბინადრობის ნებართვებში. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, ასევე იმ უცხოელზე, რომეოლიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ესენი არიან უცხოელები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქვეყანასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. საუბარია არსებითად იმ უცხოელებზე, რომლებსაც ოჯახური კავშირები აქვთ საქართველოს მოქალაქეებთან.
შემდეგ არის შრომითი ბინადრობის ნებართვა. 15 699 პირი სარგებლობს შრომითი ბინადრობის ნებართვით. წილი არის 14,6%. როგორც უკვე ითქვა, დასაქმების სფეროში არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი. როდესაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ატარებს ხოლმე საკუთარი კვლევების პრეზენტაციას, ისინი ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემების სამეულში ასახელებენ სამუშაო ძალის დეფიციტს და მეორე არის მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ყველაფერი კარგად ჩანს საერთო სურათიდან, რომელიც შექმნილია შრომის ბაზარზე და ეს ყველაფერი განაპირობებს შრომით მიგრაციას საქართველოში. რომ არა უცხოელების ყოფნა საქართველოში, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. არის სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით. ძირითადად, ეს ეხება მშენებლობის სფეროს, თუმცა, არა მარტო. სტუმარ-მასპინძლობის სფეროშია სერიოზული სამუშაო ძალის დეფიციტი, აქედან გამომდინარე, შრომითი მიგრაციის კუთხით ჩვენს ქვეყანაში საჭიროება არსებობს.
მუდმივი ბინადრობის ნებართვა მინიჭებული აქვს 10 726 პირს, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა 5658 უცხოელს“, - განაცხადა პრემიერმა.




























