“აბანოთუბანი ჯგუფი” ბიზნესს აფართოებს და 2026 წლიდან გოგირდის აბანოების კიდევ ერთ პროექტზე მუშაობის დაწყებას აანონსებს, რომელიც მაღალი რანგის სტუმრების მიღებაზე იქნება გათვლილი. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯაბა მამაცაშვილმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 7-10 მლნ დოლარი იქნება.
“მომავალი წლიდან კიდევ ერთი აბანოს მოწყობას ვგეგმავთ კვლავ ძველ თბილისში, აბანოთუბანში, გოგირდის წყლების დამატებით ჭაბურღილებზე, თუმცა სტრატეგიის მიხედვით ეს იქნება უმაღლესი დონის მომსახურება მაღალი რანგის, მაღალგადამხდელ უნარიანი სტუმრებისთვის - რამდენიმე ოთახი. ეს იქნება დიდი ობიექტი, რომლის ყველაზე დიდი ლუქსის ტიპის ოთახის ღირებულება დაახლოებით 1500 ლარიდან დაიწყება და გაიზრდება”, - აღნიშნა ჯაბა მამაცაშვილმა.
“აბანოთუბანი ჯგუფი”, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში ჭრელ და მეფე ერეკლე აბანოებს მართავს, 2025 წლის ბოლომდე რესტორანი “ისტორიას” გახსნას გეგმავს, რისთვისაც 10 მლნ ლარის ინვესტიციას დებს. კომპანია მომავალი წლიდან თავის სტუმრებს ტურისტული კომპანიის მომსახურებასაც შესთავაზებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ჯაბა მამაცაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს. მისი ინფორმაციით, დღეისთვის აბანოთუბანი ჯგუფი 300 სამუშაო ადგილს ქმნის. ახალი ბიზნესპროექტების განხორციელების შემდეგ კი ჯგუფში დასაქმებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.




























