მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აბანოთუბანში წლის ბოლომდე რესტორანი "ისტორია" გაიხსნება - ინვესტიცია ₾10 მილიონია

ჯაბა მამაცაშვილი

“აბანოთუბანი ჯგუფი” წლის ბოლომდე 10 მლნ ლარის ინვესტიციით, თბილისის ისტორიულ უბანში ახალ რესტორანს “ისტორიას” გახსნის. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯაბა მამაცაშვილმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, “აბანოთუბანი ჯგუფი” ბიზნესს ავითარებს და სტუმრებს სარესტორნე მომსახურებასაც სულ მალე შესთავაზეს.

“ჩვენ შემოგვემატა რესტორანი „ისტორია“, რომლის გახსნასაც წლის ბოლოს ვგეგმავთ.

ეს იქნება ისტორიული კონცეფციის. ინტერიერი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება და ჩვენი სტუმრები იმოგზაურებენ, ასე ვთქვათ, ისტორიაში. დაათვალიერებენ ქართველ მეფეებს, ქართულ ისტორიას, კინოხელოვნებას, მუსიკას და ა.შ. უმაღლესი ხარისხის ქართულ-ევროპული სამზარეულო გვექნება. ჩვენ ძალიან მაღალი კლასის შეფმზარეული და ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელიც მენიუზე უკვე მუშაობს.

თუ რაიმე ხელს არ შეგვიშლის, წლის ბოლოსთვის რესტორნის ნაწილს მაინც გავხსნით. რესტორანი ორი ბლოკისგან შედგება, რაც ღია, ძალიან ლამაზი ტერასულ ეზოსაც მოიცავს, საიდანაც, ძველ თბილისსა და აბანოთუბანზე ხედები გაიშლება.

ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 10 მლნ ლარამდეა. ყველაფერი ნულიდან - თავიდან დავიწყეთ, შენობა შევიძინეთ და განვაახლეთ”, - აღნიშნა ჯაბა მამაცაშვილმა და დასძინა, რომ რესტორან “ისტორიაში” ერთდროულად 150-მდე ადამიანს გაუმასპინძლდება. “ჩვენი რესტორანი სპეციალური სერვირების სისტემით ჩვენს სტუმრებს აბანოებში მოემსახურება”, - დაამატა “აბანოთუბანი ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა.

დღეისთვის "აბანოთუბანი ჯგუფი" ჭრელ და მეფე ერეკლე აბანოებს მართავს და 300 სამუშაო ადგილს ქმნის. რესტორნის გახსნის შემდეგ 2026 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები