მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რევაზ სოხაძე

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადაიდო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტში არსებული შეფერხებების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებები შეწყვიტა, სამუშაოები კი ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო.

ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.

17-კილომეტრიანი შემოვლითი გზის პროექტის დასრულების შემდეგ, სამინისტროს განცხადებით, აბასთუმანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის სატრანსპორტო კავშირი გაუმჯობესდება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია ხიდები და გვირაბი.

„აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტში არსებული შეფერხებების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. სამუშაოები ახალმა კონტრაქტორმა უკვე დაიწყო და 2027 წლის შემოდგომაზე გზის მშენებლობა დასრულდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

შემოვლითი გზის მშენებლობის შეფერხება ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმდინარე წლის მაისშიც ჰქონდა ნახსენები. მაშინ რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ კონტრაქტორ კომპანიებს სამუშაოების დასრულებისთვის კონკრეტული ვადები განესაზღვრათ.

„კონტრაქტორებთან გვქონდა მკაცრი საუბარი. თითოეულ კომპანიას განესაზღვრა კონკრეტული ვადა, თუ როდის და რა ეტაპზე უნდა დასრულდეს სამუშაოები. შეუძლებელია პროექტები წლობით გაგრძელდეს - სამუშაოები უნდა შესრულდეს ხარისხიანად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში“, - განაცხადა მინისტრმა მაისში.

სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმანში სახელმწიფოს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე 300 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტებია გაფორმებული. მათ შორის, 2026 წლის გაზაფხულზე გაფორმდა დაახლოებით 70 მილიონი ლარის, ორწლიანი ხელშეკრულება აბასთუმნის ისტორიული ნაწილის იერსახის გაუმჯობესების მიზნით.

აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მათ შორისაა ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასათიანის ქუჩის განახლება და ობსერვატორიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად სამინისტრო გარემოსდაცვით ღონისძიებებსაც გეგმავს. უწყების ცნობით, გზის მშენებლობის შედეგად დაზიანებული ტყის საფარის აღდგენა პარალელურ რეჟიმში დაიწყება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას და ეკოსისტემას, რადგან ზუსტად ეს არის აბასთუმნის და ზოგადად ამ მხარის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენას იმ ადგილებში, სადაც დაზიანებები მოხდა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

აბასთუმნის ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებებით მიმდინარეობს. მაგალითად, კურორტზე დაახლოებით 12.5 მილიონი ლარის ღირებულების, 700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა წელს დასრულდა, რომლის თავდაპირველი სამშენებლო ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში გაფორმდა, დასრულების ვადად კი თავდაპირველად 2021 წლის დეკემბერი იყო განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები