ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაბა აბასთუმანში 700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ღირებულება 12,579,046 ლარს შეადგენდა და მისი მშენებლობა 5-წლიანი ვადაგადაცილებით დასრულდა, რადგანაც თავდაპირველი კონტრაქტით, სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა პირვანდელ კონტრაქტორებთან კომპანია - "ბლექ სი გრუპთან" და "აბსოლუტ სერვისთან", რომელთანაც ხელშეკრულება 9 მილიონი ლარის ოდენობით 2019 წლის ივლისში გაფორმდა, 2020 წელს კონტრაქტი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ხელახალი ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა. 2021 წლის ივლისში კი 12.5 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდა შპს ზიმოსთან, რომელსაც მშენებლობა 18 თვეში უნდა დაესრულებინა, თუმცა მას შემდეგ პროექტის დასრულება მრავალჯერ გადავადდა და სამინისტროს ინფორმაციით მხოლოდ ახლა დასრულდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, პარკინგს ტექნიკური ხარვეზები აქვს და მათი აღმოფხვრა ამ დრომდე მიმდინარეობს.
"700 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის სივრცეში ამჟამად ხარვეზების აღმოფხვრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დამატებითი კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
პროექტის ფარგლებში ტექნიკურად აღჭურვილ სივრცეში მოეწყობა ელექტრომობილების დამტენი პუნქტი, ხოლო სადგურის ადმინისტრაციული შენობა ელექტრომობილების სერვისს მოემსახურება.
პროექტი აბასთუმნის უნიკალური საკურორტო და ეკოლოგიური გარემოს გაფრთხილებასა და შენარჩუნებას ემსახურება. სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აბასთუმნის კურორტის კონცეფციის თანახმად, შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილებით კურორტზე მოძრაობა აკრძალული იქნება და დამსვენებლები მათ ავტომობილებს პარკინგზე დატოვებენ. უშუალოდ კურორტზე გადაადგილება კი ელექტრომობილებით იქნება შესაძლებელი, შესაბამისად ახალ პარკინგს ელექტრომობილების დამტენებიც ექნება.
რა ეტაპზეა კურორტის რეაბილიტაცია და როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები:
2025 წლის აპრილში მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აბასთუმანში, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობისთვის 70 მლნ ლარის ღირებულების 2-წლიანი ხელშეკრულება კომპანია "საბა კონსტრაქშენთან" გააფორმა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება და ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.
აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის და მის გარშემო საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის გასული წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 280 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამასთან, კურორტი განახლებული სახით ჯერ არ გახსნილა, ასევე არ გახსნილა ადგილზე მშენებარე რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო.
უცნობია მოხდება თუ არა კურორტის ოფიციალური გახსნა 2026 და 2027 წლებშიც, რადგან მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დამატებით გაფორმებული ₾70-მილიონიანი ხელშეკრულების განხორციელების ვადა ორწლიანია და ის 2028 წელს სრულდება.




























