აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალ გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, ტელესკოპი (1.5 მ დიამეტრის დისტანციურად მართვადი სარკით) ავსტრიულმა „ASA Astrosysteme GmbH“-მა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა დაამზადეს.
პროექტს, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 8.6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
"ამჟამად დაწყებულია ტესტირების პროცესი, რასაც მოჰყვება კვლევითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია იბრუნებს და ავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
ობსერვატორიის შენობის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც, მოეწყო ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, ობსერვატორიის ასტრონომიული მულტიმედიური სივრცე და სამუშაო ოთახები. ასევე, დასრულდა ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაცია და ობსერვატორიაში ციფრული მუზეუმის მოსაწყობად მომზადდა მუზეოგრაფიის და ინტერიერის პროექტი.