მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის მთავრობა 10 მილიონს გამოყოფს

613dd565753d2
BM.GE
12.09.21 14:19
618
საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურს ობსერვატორიაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდეს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო
შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და საერთაშორისო ასპარეზზე დაუმკვიდრებს ადგილს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც სამინისტრო მიიღებს შესაბამის პროექტს,
ობსერვატორიის ცენტრალურ ტელესკოპსა და ციფრულ მუზეუმს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და მოხდება მისი აღჭურვა.

მთავრობის მეთაურს აბასთუმანში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის, დასრულდა კურორტის ურბანული განახლების პირველი ეტაპის სამუშაოები.
2020 წელს დასრულდა ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია; შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ორივე ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები; აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 47 მილიონი ლარია აქტიურად მიმდინარეობს",– ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის 11.6 მილიონი ლარის დაფინანსებით, დაიწყო კურორტზე სახიდე გადასასვლელის, ავტოსადგურისა და პარკინგის მშენებლობა.

ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

სულ, აბასთუმნის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 315 108 232 ლარი. აქედან, უკვე დასრულდა 49 528 948 ლარის სამუშაოები.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები