აბონენტებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებულები არ არიან, GWP-მა გადასახადი დაარიცხა. ეს სიახლე ოქტომბრიდან მოსახლეობის იმ ნაწილს შეეხო, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გამრიცხველიანებულიც არ არის. თანხის ოდენობა ერთ სულზე სააბონენტო გადასახადის - 3 ლარი და 15 თეთრის ტოლფასია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული, "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მიხედვით, წყალმომარაგების გადასახადის დარიცხვის ორი საფუძველი არსებობს: პირველი - ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით და მეორე - გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის სულადობის მიხედვით. სწორედ ამ წესიდან გამომდინარე, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
„ეს შეეხო მომხმარებელთა ძალიან დიდ ნაწილს, შესაბამისად, ენერგოომბუდსმენის აპარატში საკითხის მოკვლევა დაიწყო და ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ ამ დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს. მარეგულირებელი კომისიის მხრივ წესებში არანაირი ცვლილება არ შესულა“, - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" სალომე ვარდიაშვილმა.
ვიდრე GWP ენერგოომბუდსმენს წერილზე უპასუხებს, „ბიზნესკონტრაქტი“ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მათ ბაზაში რეგისტრირებულია 40 ათასამდე აბონენტი, რომლებიც საჯარო რეესტრში აღრიცხულები არ არიან, მაგრამ მათგან დაახლოებით, 12 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება უფიქსირდება, რის საფუძველზეც, როგორც თავად აცხადებენ, ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს და ასეთ აბონენტებს ერთი სულისთვის განკუთვნილი გადასახადი - 3 ლარი და 15 თეთრი დაარიცხეს.
არ არსებობს ადამიანი, რომელიც სარგებლობს ელექტროენერგიით, გაზით და არ სარგებლობდეს წყლით.აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანების მიერ სასმელი წყლის მოხმარება ხდება.აქედან გამომდინარე ხდება დარიცხვაც. კონსულტაციები გვქონდა სემეკის თავმჯდომარესთან, ასევე კომისიის წევრებთან. მათ დაგვიდასტურეს, რომ ეს სამართლიანი მოთხოვნაა, რადგან წყალს ვაწვდით მომხმარებელს, რომელსაც ის მოიხმარს“, - განაცხადა GWP-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ჯაბა მამულაშვილმა.
მისივე განმარტებით, სამომავლოდ, ამ სამართლებრივ საკითხზე დავებისა და გაუგებრობების თავიდან არიდების მიზნით, სემეკთან ერთად საკითხის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად მუშაობენ. აბონენტების ამ კატეგორიასთან დაკავშირებით არსებულ გარემობას, თავის მხრივ მარეგულირებელი კომისიაც სწავლობს.

























