2025 წლის რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ წარმატებულ ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებსა და სსიპ-ებში დასაქმებულები ერთჯერად ფულად ჯილდოს მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 16 დეკემბერს გამოიცა.
დოკუმენტის თანახმად, ფორუმის წარმატებით ორგანიზებისთვის სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ხელფასის 100%-ის ოდენობის ჯილდოს მიიღებს.
სულ ჯილდოვდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის 19, ტურიზმის ადმინისტრაციის 11 და სსიპ - "აწარმოე საქართველოში" 4 თანამშრომელი. ფულადი ჯილდოს ოდენობა კი თანამდებობრივი სარგოს 35%-დან 100%-მდე მერყეობს.
ცნობისთვის, რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 - 23 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმში 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. მას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი დაესწრო. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალჩინოსნებმა და რეგიონის ქვეყნების კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ტრადიციული თემატური დისკუსიების გარდა, რომლებიც ვაჭრობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ციფრულ კავშირებს და სხვა პრიორიტეტულ რეგიონულ მიმართულებებს შეეხებოდა, ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network-თან თანამშრომლობით ჩატარდა. ფორუმი პირველად 2015 წელს გაიმართა და ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.




























