განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სკოლებში სავალდებულო ფორმების შემოღება სასკოლო რეფორმის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა არ აქვს. ამასთან, მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფორმები არ არის ერთადერთი სიახლე და უწყება პარალელურად სხვა ფუნდამენტურ ცვლილებებსაც ახორციელებს.
მიქანაძე გამოეხმაურა კრიტიკას იმის შესახებ, თითქოს ფორმების შემოღება სისტემაში არსებულ ხარვეზებთან შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია. მინისტრის განმარტებით, ფორმა პირდაპირ უკავშირდება სოციალურ თანასწორობას, უსაფრთხო გარემოსა და მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ამაღლებას.
"ეს არის ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ თანასწორობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სკოლაში.
ასევე უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით და სწავლის, აკადემიური მოსწრებულობის ამაღლების მიზნით — ეს უკვე დადგენილია მსოფლიო პრაქტიკით — ფორმა თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასევე ბავშვის, როგორც მოსწავლის იდენტიფიცირებაც მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ ამ ფაქტორს, ყოველმხრივ შემიძლია ვთქვა, პოზიტიური კომპონენტი აქვს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განცხადებით, გარდა ფორმებისა, მოსწავლეებს სკოლებში განათლების რეფორმით გათვალისწინებული სხვა ცვლილებებიც დახვდებათ, ამიტომ კრიტიკა, რომ დანარჩენი პრობლემები მოუგვარებელი რჩება, მისთვის მიუღებელია.
"პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ბევრი რამით დავიწყეთ. 15 სექტემბერს 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ, ახალი პროგრამით. ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები მომზადდა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ წარმოუდგენლად დიდი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ეს სახელმძღვანელოები მომზადებულიყო.
დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე.
და უამრავი სხვა რამ, რომელიც რეფორმით არის გათვალისწინებული და აბსოლუტურად ვერ გავაზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მარტო ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ ამავდროულად უმნიშვნელოვანესი კომპონენტი", - განაცხადა განათლების მინისტრმა.




























