პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსული მხარის მიერ ღვინის შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საბაბს აბსურდულს უწოდებს. მისი შეფასებით, რუსეთის მიერ დასახელებული გარემოებები შვიდივე კომპანიასთან მიმართებით უსაფუძვლოა და ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ მოლაპარაკებების შედეგად შეზღუდვები სრულად მოიხსნებოდა.
"„პირველ რიგში, მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭირვალობა არის, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე.
ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც. რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. რეალურად, ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა. ეს იყო ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ ეს კომპანიები, აბსურდია ის, რომ უკრაინის სასარგებლოდ ომის რაიმე დაფინანსებაში არიან ზოგადად ეს კომპანიები ჩართული, რა შუაშია საერთოდ ქართულ კომპანიებთან ეს ყველაფერი და ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს. შესაბამისად, არის სრულიად აბსურდული ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში.
ჩვენი მოლოდინი იყო, ძალიან მარტივად, ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინებას და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. ამ შეფასებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ა",- ამბობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის: როგორც გიორგი ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, გალუზინთან საუბრამდე მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართული კომპანიების მიმართ სანქციები მოიხსნებოდა, თუმცა ამის ნაცვლად შეხვედრაზე შეიტყო, რომ რუსეთის მხარე კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავდა.
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული“, - განაცხადა ზურაბაშვილმა "იმედის" ეთერში გალუზინთან შეხვედრის შინაარსსა და შედეგებზე საუბრისას.
შეგახსენებთ: 10 ოქტომბერს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. ჩამონათვალში დასახელდნენ „ნაბეღლავი“, „კოკა-კოლა“, „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ასკანელი ძმები“ და „ქართული ლუდის კომპანია“. ამის შემდეგ, 27 ოქტომბერს პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერმა, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ bm.ge-სთან საუბარში თქვა, რომ რუსეთმა თავის ბაზარზე სასმლის შეტანა კიდევ 3 კომპანიას შეუზღუდა.
რაც შეეხება ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ შეხვედრას, რომელიც 19 ნოემბერს რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გაიმართა, ადგილის გარდა, მას "აბაშიძე-კარასინის" პრაღის შეხვედრების ფორმატისგან ის მნიშვნელოვანი დეტალიც განასხვავებს, რომ ქართული მხარის წარმომადგენელს პრემიერის სპეცწარმომადგენლის სტატუსის გარდა, საქართველოს ხელისუფლებაში ოფიციალური თანამდებობაც უკავია - კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, ხელისუფლების ოპონენტები ახალ ფორმატს საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრა "დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენადაც" კი შეფასდა - შესაბამისი შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.
ამასთან, რუსული მხარის ინფორმაციით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის - უსაფრთხოების თემები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის ფარგლებში განსახილველ თემებს შორის არ იყო და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.
19 ნოემბრის შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის - ბელორუსის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მაქსიმ რიჟენკოვმა კი მინსკში ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელება დააანონსა. 19 ნოემბრის შემდეგ განვლილი დღეების განმავლობაში ეს ინფორმაცია არც თბილისს დაუდასტურებია, არც მოსკოვს.
თუმცა როგორც ახლა "იმედის" ეთერში გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, პირველ შეხვედრაზე რუსული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის "გამაოცებლობისა და გამაოგნებლობის" მიუხედავად, იგი დიალოგის გაგრძელების მომხრეა და ამას აუცილებლობად მიიჩნევს.
























