MSG Sports-ის ხელმძღვანელ ჯეიმს დოლანს დიდი ხანია სურს, ლას-ვეგასში მდებარე “სფეროს” ტიპის არენის გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა ვინაიდან ასეთი შენობის აგებას მილიარდობით დოლარი სჭირდება, ის ფინანსურ მხარდამჭერს ეძებდა.
ძიების შედეგად საქმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე მივიდა, რომელთა ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტმა პროექტს მწვანე შუქი აუნთო. Sphere Entertainment-ის ცნობით აბუ-დაბი გაიღებს ხარჯებს აშენების უფლების მოპოვებისთვის, რომელშიც შედის შენობის დიზაინი და ტექნოლოგიური თუ ინტელექტუალური საკუთრება.
“აბუ-დაბის “სფერო” გააერთიანებს ტექნოლოგიას, რომელიც მოგვითხრობს ამბებს და შექმნის წარუშლელ მოგონებებს ყველასთვის ვინც ამ ადგილს ესტუმრება. ეს პარტნიორობა განსაზღვრავს ჩვენს ტურისტულ სტრატეგიას 2030 წლისთვის, რის შედეგადაც ჩვენი ქალაქი მსოფლიო მასშტაბით კულტურისა და ინოვაციების ერთ-ერთი მთავარი ჰაბი გახდება” - აღნიშნა აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოჰამედ ხალიფა ალ მუბარაქმა.
თავდაპირველად “სფეროს” არენის აშენება ლონდონში იგეგმებოდა, თუმცა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა იდეა 2023 წელს უარყო, რადგან მისი მოსაზრებით შენობა გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა.
ცნობისთვის, აგვისტოს თვისთვის “სფერო” არენას შემოსავალი 1,03 მილიარდს, ხოლო გასავალი მხოლოდ 201 მილიონ დოლარს შეადგენდა.