მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარა 2027 წელს კაპიტალურ პროექტებზე ₾298 მილიონს დახარჯავს | რა იგეგმება რეგიონში?

სტიქცია

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, კაპიტალური პროექტების დაფინანსება იზრდება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2027 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 297.9 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმაზე 31.8 მლნ ლარით, ანუ 11.9%-ით მეტია. თუმცა დაფინანსება პროექტების მიხედვით არათანაბრად იცვლება - ზოგიერთი მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად იზრდება, ზოგისთვის კი მცირდება. ამასთან, რეგიონში წლების წინ დაწყებული არაერთი პროექტი კვლავ დაუსრულებელია.

აჭარის ნარჩენების პროექტი

2027 წელს მნიშვნელოვნად იზრდება აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება. თუ 2026 წელს ამ მიზნით 1.5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, 2027 წელს დაფინანსება 16.6 მლნ ლარამდე იზრდება, რაც დაახლოებით 11-ჯერ მეტია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მდებარე სანიტარიული ნაგავსაყრელი, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2021 წელს დასრულდა, თუმცა ნაგავსაყრელი დღემდე არ ამოქმედებულა.

ნაგავსაყრელის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი გეგმით, ობიექტს ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაეწყო. თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. ახალი ნაგავსაყრელის ამოქმედებამდე კი ვერ დაიხურება ბათუმში, ადლიაში არსებული ძველი ნაგავსაყრელი.

აჭარის 2027–2030 წლების კაპიტალური ბიუჯეტის დანართის მიხედვით, ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების 80% 2027 წელს, დარჩენილი 20% კი 2028 წელს უნდა შესრულდეს. ამასთან, პროექტის დაფინანსება 2030 წლის ჩათვლით გრძელდება. ბიუჯეტის პროექტში ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ამოქმედების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის.

„ოცნების ქალაქი“

2027 წელს გაგრძელდება ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში, „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის მშენებლობაც. პროექტი ცხრა საცხოვრებელ კორპუსსა და 1 077 ბინას მოიცავს.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. თავდაპირველად პირველი ეტაპის დასრულება 17 თვეში იგეგმებოდა და 582 ოჯახისთვის სამი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა დადგენილ ვადაში ვერ დასრულდა. 2021 წელს გამოცხადდა პროექტის მეორე ეტაპის დაწყებაც, ხოლო იმდროინდელი გეგმით, მთლიანი პროექტი 2025 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.

პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და 582 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა, თუმცა მეორე ეტაპის მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, დასრულებული იყო შენობების რკინაბეტონის სამუშაოები და მიმდინარეობდა ფასადების, სახურავების, საინჟინრო სისტემებისა და შიდა სივრცეების მოწყობა. აჭარის მთავრობის მიერ ბოლოს გამოცხადებული გეგმით, მეორე ეტაპის დასრულება 2028 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის, რომელიც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობასაც მოიცავს, 2027 წელს 40.5 მლნ ლარია გათვალისწინებული, 2026 წლის 51.1 მლნ ლართან შედარებით. აღნიშნული თანხა მთლიან პროგრამას ეხება და არა მხოლოდ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობას.

რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები

რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 2026 წლის 64.9 მლნ ლარიდან 2027 წელს 42.9 მლნ ლარამდე, დაახლოებით 34%-ით მცირდება.

პროგრამა 12 ობიექტს მოიცავს, მათ შორის ბათუმის ყინულის არენასა და საცურაო აუზს, სპორტულ სკოლებსა და სტადიონებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და აჭარის ტელევიზიის შენობას. 2027 წლის ბოლოსთვის პროგრამის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ნაწილი კვლავ გაგრძელდება, ხოლო 2028 წელს დაფინანსება 106.4 მლნ ლარამდე იზრდება.

ტურისტული ინფრასტრუქტურა და წყალმომარაგება

გოდერძისა და მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2027 წელს 4.47 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმაზე დაახლოებით 5.4-ჯერ მეტია. დაგეგმილია მწვანე ტბის შემოვლითი ბილიკის მოწყობა, პარკინგის გაფართოება, საპიკნიკე სივრცეების განვითარება და გოდერძის სათხილამურო ტრასის განათება.

აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამისთვის 2027 წელს 12 მლნ ლარია გათვალისწინებული, 2028 წელს კი დაფინანსება 39 მლნ ლარამდე იზრდება. პროგრამა სხვადასხვა დასახლებაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობას, აბონენტების გამრიცხველიანებას და მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

პლაჟის გამაგრება

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებისთვის დაფინანსება აღარ არის გათვალისწინებული. 2026 წელს სანაპირო ზოლის გასამაგრებლად 2.65 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა სამუშაოები არ შესრულებულა. 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაზე გამოცხადებული ტენდერი მარტში შეწყდა. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ მდინარე ჭოროხის კალაპოტში წინასწარ განსაზღვრულ კარიერში საჭირო რაოდენობის ინერტული მასალა აღარ აღმოჩნდა. განმეორებითი ტენდერი აღარ გამოცხადებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები