ბიზნეს სექტორი სასტუმროებში სპეციალური საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე აქტიურად განსაკუთრებით მას შემდეგ საუბრობს, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით საქართველოში დროებით ე.წ. ტურისტული ემბარგო დაწესდა.
ამ თემაზე BM.GE-სთან საუბრისას „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია აცხადებს, რომ ის საკითხზე საუბარს აქტიურად იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ კონკრეტულად მაღალმთიან რეგიონებში რუსეთის მხრიდან გაუქმებული ფრენები სასტუმროების ჯავშნების რაოდენობის კლებაზე აისახება.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე არსებული 18%-იანი დღგ-ს გადასახადის განახევრება და ქონების გადასახადის მოხსნა უნდა მოხდეს.
„მიმაჩნია, რომ მაღალმთიან რეგიონულ სასტუმროებში საგადასახადო შეღავათებზე საუბარი უნდა იყოს და აუცილებლად ვაპირებ ამ ინიციატივის დაყენებას. თბილისი სხვა სეგმენტია და რუსეთიდან ფრენების გაუქმებით ტურისტების კლება არ შეეტყობა.
სახელმწიფოს მხრიდან 18%-იანი დღგ-ს გადასახადის განახევრება შესაძლებელია.
მთიან რეგიონებში სასტუმროები კლიმატიდან და რეგიონალური ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე გარკვეულ შეღავათებს საჭიროებენ. მგონია, რომ მათთვის 18%-იანი დღგ-ს გადახდა საკმაოდ მაღალია და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.
ასევე მგონია, რომ ქონების გადასახადიც ყველასთვის მოხსნილი უნდა იყოს, რადგან ეს შემდეგ ზოგიერთს მძიმე ტვირთად აწევს“ - განაცხადა ჩეხერიამ.
„აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის ბევრი ახალი ინიციატივაა საჭირო.
„საჭიროა, ახალ ბაზრებზე ფოკუსირება და არა ერთ -რუსეთის ან რომელიმე დანარჩენ- ბაზარზე ჩამოკიდება. რუსეთი ყველაზე არასტაბილურია, რუსი ტურისტი ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი არ არის. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების შესწავლა და მათგან მაგალითების აღება“ - განმარტა ჩეხერიამ.

























