აჭარის რეგიონში მეწყერსა და ზვავის ჩამოწოლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობაში bm.ge-ის განუცხადეს, რომ ტრაგიკული შემთხვევები ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოხდა.
,,რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე ჩამოწვა ზვავი, განვითარდა მეწყრული პროცესები საავტომობილო გზაზე.
ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში გარდაიცვალა 2 ადამიანი.
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას ესწრებოდა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით სხდომა დატოვა და ბრუნდება რეგიონში ადგილიდან სიტუაციის სამართავად" - განაცხადეს აჭარის მთავრობაში.