აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მდებარე კაფსულა სასტუმრო „მარს ოაზისი“ დროებით დაიხურა. როგორც ობიექტის დამფუძნებელმა მურად მახარაძემ BM.GE-სთან განაცხადა, სასტუმრომ ოპერირება სექტემბრის შუა რიცხვებში, უამინდობის გამო შეაჩერა და სტუმრებს მომავალი წლის აპრილიდან მიიღებს.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო 2026 წლის ივლისის დასაწყისში გაიხსნა და მუშაობის პირველ პერიოდში დატვირთვა აქტიური იყო, სექტემბრიდან კი მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა.
„თავიდან ძალიან აქტიურად იტვირთებოდა ობიექტი. გვყავდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრები. იყვნენ ებრაელები, რუსულენოვანი ტურისტები, ასევე ევროპელები, მათ შორის გერმანიიდან. დაინტერესება ნამდვილად იყო, თუმცა ამინდებმა ხელი შეგვიშალა და სექტემბრის შუა რიცხვებში ოპერირების შეჩერება მოგვიწია.
აპრილამდე დახურული ვიქნებით. გვინდა, მომავალი წლიდან სასტუმრო ოთხივე სეზონზე იყოს დატვირთული და მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ პერიოდზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებთ, თუმცა ჯერ შესაბამისი გეგმები უნდა განვავითაროთ“, – განაცხადა მურად მახარაძემ.
ცნობისთვის, „მარს ოაზისი“ 2026 წლის 4 ივლისს გაიხსნა. კომპლექსი ამ ეტაპზე 6 კაფსულას აერთიანებს, რომელთა ფართობი 28 და 38 კვადრატული მეტრია. პროექტში, მიწის ღირებულების ჩათვლით, დაახლოებით 500 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. კაფსულები ჩინეთიდან დაშლილ მდგომარეობაში ჩამოიტანეს და ადგილზე ააწყვეს. ობიექტი სტუმრებს 360-გრადუსიან პანორამულ ხედებსა და თანამედროვე ტიპის განთავსების სივრცეს სთავაზობს. სასტუმროს მუშაობის პერიოდში ერთი ღამის ღირებულება კაფსულის ზომის მიხედვით 320-დან 400 ლარამდე იყო.
























