მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აჭარაში რუსები დომინირებენ” - რა პრობლემას ხედავს საბა კიკნაძე?

62e979db543a8
ლიკა მეგუთნიშვილი
02.08.22 23:42
4090
ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე აცხადებს, რომ როგორც ბათუმში, ისე მთლიანად აჭარაში დამსვენებელთა ძირითად ნაწილს რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ მთელ სანაპირო ზოლზე ახლა რუსულენოვანი მოსახლეობა დომინირებს, ეს ყველაფერი კულტურული პროფილის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს და სხვა უცხოელი ტურისტებისთვის საქართველო ნაკლებად საინტერესო ხდება.

„ბათუმის თითქმის ყველა რესტორანში ისმის რუსული მუსიკა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით რუსულენოვან ადამიანს. ზღვისპირეთი კულტურული თვალსაზრისით ძალიან გადახრილია. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო თვისობრივი ჩვენი ქვეყნისთვის. საშინელება ხდება, ფაქტობრივად მთელ აჭარაში რუსები დომინირებენ. უდიდეს პრობლემას ქმნის ისიც, რომ ეს ადამიანები არა ტურისტულად, არამედ, მუდმივად აქ არიან. ამ ყველაფრით, ბუნებრივია, უკმაყოფილებას გამოხატავენ სხვა უცხოელი ვიზიტორები. აქედან გამომდინარე, თუ არ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად დაბალანსდეს და არსებული მდგომარეობა შეიცვალოს, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანა უცხოელი ვიზიტორებისთვის საინტერესო აღარ იქნება და საქართველოში შემოსული ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობა რუსი იქნება“ - განაცხადა საბა კიკნაძემ BM.GE-სთან.

ცნობისთვის, PMCG კვლევის თანახმად, 2022 წლის ივნისში რუსეთის წილი მთლიან ვიზიტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და თურქეთისა და სომხეთის წილებს გადააჭარბა. კერძოდ, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობამ 90 239-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ივნისში მთლიანი ვიზიტების 23%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები