მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - ბათუმში 2 500 მოსწავლე განახლებულ სკოლებში ისწავლის

რევაზ სოხაძე

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები გრძელდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ბათუმში რამდენიმე სკოლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა, ნაწილი პროექტებისა კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბათუმში სრულად განახლდა №4 და №5 საჯარო სკოლები, რომლებიც ჯამში 1 100 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტების ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები, განახლდა საინჟინრო სისტემები და გარე ინფრასტრუქტურა. ორივე სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

გარდა ამისა, №5 საჯარო სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო საფეხბურთო მინი მოედანი და შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. №4 სკოლაში კი, სასწავლო სივრცეებთან ერთად, განახლდა სპორტული მოედანი და ეზო, ასევე განხორციელდა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ბათუმში ახალ სასწავლო წელს დაახლოებით 2 500 მოსწავლე განახლებულ სასწავლო გარემოში გააგრძელებს სწავლას.

"დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობას მოიცავს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმში ახალ სასწავლო წელს, დაახლოებით, 2 500 მოსწავლე განახლებულ სასკოლო გარემოში გააგრძელებს სწავლას", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პარალელურად, ბათუმში დასრულდა №3, №12 და №26 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. სამი განახლებული ბაღი ჯამში 475 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტების ფარგლებში განახლდა შიდა და გარე სივრცეები, სასწავლო, სათამაშო და მოსასვენებელი ოთახები, საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები, ასევე სამზარეულოები და სველი წერტილები. ამასთან, მიმდინარეობს №18 და №23 საბავშვო ბაღების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტების დასრულების შემდეგ №18 ბაღი 250, ხოლო №23 - 300 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა აჭარაში ახალი პროექტებისთვის ტენდერებიც გამოაცხადა. მათ შორისაა ბათუმის გონიოს დასახლებაში 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

უწყების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა და პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები