აჭარას 2018 წლის 8 თვეში 23%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განაცხადა. მისი შეფასებით, წელს აჭარაში ,,ძალიან კარგი“ სეზონი იყო.
"აჭარა უკვე პოზიციონირებს არა მხოლოდ როგორც ზაფხულის კურორტი, ჩვენ მიმზიდველები ვართ 4-ვე სეზონისთვის. აჭარის მაღალმთიანეთს არანაკლები პოტენციალი აქვს, ვიდრე ზღვისპირეთს, ამიტომ ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება. პირველ რიგში, ესაა ინფრასტრუქტურის განვითარება“-განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.
მისი ინფორმაციით, ინტენსიური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ხულო-ზარზმის მიმართულებით, ასევე კურორტ "გოდერძიზე“.
"გოდერძი" იქნება პირველი კურორტი, რომელიც გენერალური გეგმის მიხედვით განაშენიანდება. ეს ნიშნავს, რომ აქ იქნება ყველაფერი ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტების კურორტს შეესაბამება", - აღიშნა კაიკაციშვილმა.
მისი ინფორმაციით, ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს მაღალმთიანეთში ახალი ტურისტული მარშრუტების გაყვანაზე, მათ მარკირებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.
"5 ახალი მარშრუტი უკვე მოეწყო და კონკრეტული შედეგებიც გვაქვს. ხულოს მიმართულებით 100%-იანი მატებაა ტურისტების, ხოლო ქედის მარშრუტზე 205%-იანი", -განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.