მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარაში უკონკურენტო აუქციონებში გამარჯვებულებმა "ოცნებას" ₾1 მლნ-ზე მეტი შეწირეს - TI

გამჭვირვალობა

აჭარაში უკონკურენტო აუქციონებში გამარჯვებულებმა "ოცნებას" 1 მლნ ლარზე მეტი შეწირეს. შესაბამისი მაჩვენებლები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დათვალა. როგორც მათ მიმოხილვაში ვკითხულობთ, 2022-2024 წლებში აჭარის ქონების პრივატიზაციის მიზნით 40 აუქციონი გაიმართა, რომელთაგან 28 აუქციონი უკონკურენტოდ შედგა და მათში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

"აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან - სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,050,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას. შემწირველებმა უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონებზე 15,023,700 ლარის ღირებულების ქონება შეიძინეს", - წერს TI.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოიკვლია, რომ 2022-2024 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სულ 309 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და მხოლოდ 40 აუქციონში გამოავლინა გამარჯვებული. დანარჩენი 266 ჩაიშალა მონაწილეთა არარსებობის გამო, 3 კი თავად სამინისტრომ შეწყვიტა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიგნებები შემდეგია:

  • აუქციონების შედეგად გასხვისდა 599,033 კვ.მ ჯამური ფართობის 46 ერთეული მიწის ნაკვეთი და მასთან დაკავშირებული 27,759 კვ.მ ჯამური ფართობის 11 შენობა-ნაგებობა. ამ ქონებების საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 74,183,000 ლარი იყო, რაც ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 19,378,700 ლარით და საბოლოოდ აჭარის ბიუჯეტმა მიიღო 93,561,700 ლარის შემოსავალი.
  • შემდგარი აუქციონებიდან 16 გამოცხადდა განმეორებით, მათ შორის 3 აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი შემცირებული იყო 20%-ით.
  • კონკურენტულ გარემოში მიმდინარე აუქციონებზე გატანილი ქონებები საპრივატიზაციო ფასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტ ფასად გაიყიდა.
  • უკონკურენტო აუქციონებზე გატანილი ქონებების საწყისი ღირებულება 55,040,500 ლარი იყო და თითოეული მათგანი მინიმალური ფასნამატით გაიყიდა. ვაჭრობის შედეგად ღირებულება მხოლოდ 1,176,700 ლარით გაიზარდა.
  • ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები და დირექტორები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მსხვილი შემწირველები არიან - სხვადასხვა დროს მათ ჯამში 1,050,000 ლარი შესწირეს. მათ შორის 6 კომპანიამ აუქციონები უკონკურენტოდ მოიგო.
  • შემწირველებმა სულ შეიძინეს 175,525 კვადრატული მეტრი ჯამური ფართობის 8 მიწის ნაკვეთი და 36,343 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობები. ამ ქონებების ჯამური საწყისი ღირებულება იყო 14,191,000 ლარი. შემწირველებმა ეს ქონება შეიძინეს მინიმალური ფასნამატით - ჯამურად 15,023,700 ლარად.
  • შპს „აგრო გრინმა“, რომლის 100% წილის მფლობელი ზურაბ ნასყიდაშვილი არის “ქართული ოცნების” შემწირველი, უკონკურენტოდ მოიგო განმეორებით გამოცხადებული აუქციონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში არსებულ 62,220 კვ.მ. მიწის ფართობსა და 22,768 კვ.მ. ფართობის ნაგებობაზე. განმეორებით აუქციონზე ეს ობიექტები 20%-იანი ფასდაკლებით გამოიტანეს.
  • 48,772 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი უკონკურენტოდ და მინიმალური ფასნამატით მოიგო შპს „ფასად სისტემამ“. ამ კომპანიის დირექტორის, ლაშა ფაღავას ბიზნეს პარტნიორია ზაურ ფუტკარაძე (შპს „აგროგლუმში“), რომლის შვილი ჯაბა ფუტკარაძე ამ წლებში იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და მართავდა აღნიშნულ აუქციონებს.
  • აუქციონებში გამარჯვებულმა 3 კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, დაფუძნებიდან დღემდე, ჯამში მიიღეს 4,422,449 ლარის შემოსავალი: შპს „თურსას“ მიღებული აქვს 1,932,256 ლარის ღირებულების შესყიდვები, შპს „ჯორჯიან ქონქრით ქლაბს“- 157,047 ლარის ოდენობის, შპს „ანაგი ბეტონს“ კი - 2.333.146 ლარის ოდენობის შესყიდვები. სამივე კომპანიამ აუქციონები უკონკურენტოდ, ერთ ბიჯში, მინიმალური ფასნამატით მოიგეს.
  • ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 3 კომპანია (შპს „ჩელები გროუპ 2022“, შპს „სიტი გაიდ“ და შპს „მეტალ-იქს 2023“) დაფუძნდა აუქციონების გამოცხადების შემდეგ, ხოლო 2 კომპანია (შპს „ინდუსტრიული სივრცე“ და შპს „ლოჯისტიკის მართვის ჯგუფი ესკადრა“) - აუქციონების გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები