აჭარელი ფერმერები ჭარბი პროდუქციისგან ჩირის დამზადებას სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ აგრომომსახურების ცენტრებში შეძლებენ. აჭარის აგროპროექტების მართვის ცენტრმა 3 ერთეული კონვექციური ტიპის საშრობი კარადის შეძენის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 105 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა და მასში ორი კომპანია შპს ,,სესო“ და ,,იმგო“ მონაწილეობენ. ამჟამად სატენდერო კომისია წინადადებების შესწავლითაა დაკავებული.
აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობისა და აღჭურვის პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც ჯამში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ასეთი ცენტრები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში აშენდება.
,,ცენტრები თანამედროვე საწარმოო ხაზებით აღიჭურვება, სადაც მოხდება ადგილობრივი პროდუქციის დაყალიბება, შეფუთვა და ეტიკეტირება, ერთ-ერთი მიმართულება კი საშრობი კარადებია, სადაც ნამეტი პროდუქციისგან ჩირის წარმოებას შეძლებენ ფერმერები, გათვალისწინებულია ცენტრების სამაცივრე საწყობებით აღჭურვაც. აღნიშნული ცენტრები ფერმერებს მომსახურების სრულ სერვისს შესთავაზებენ, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო უზრუნველყოფასაც“-აღნიშნა bm.ge-სთან საუბრისას აგროპროექტების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯამბულ აბულაძემ. რაც შეეხება ცენტრის მომსახურების ტარიფებს, აბულაძის ინფორმაციით is ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
მისი ინფორმაციით 4 მუნიციპალიტეტში ცენტრები ფუნქციონირებას უკვე გაზაფხულზე დაიწყებენ, ხულოს ცენტრი კი შემოდგომაზე ამოქმედდება.

























