აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობას დატოვებს - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, მსვლელობის დროს, რუსული დროშის გამოჩენას უკავშირდება.
"ეს არის ჩემთვის სამწუხარო ფაქტი, პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
რუსული დროშები დღეს ბათუმის ქუჩებში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქუჩის მსვლელობის დროს გამოჩნდა. ფესტივალის მონაწილეებს რუსული დროშების გარდა, ჰქონდათ ბანერი წარწერით - RUSSIA.
განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ეს ბავშვთა ფესტივალია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

























