მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის მთავრობა covid-სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 600 000 ლარს დახარჯავს

5f8d596b0b401
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.20 17:40
915
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კარანტინის ზონების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 664,000ლარის დახარჯვას გეგმავს. 

ტურიზმის ადმინისტრაციამ ამ შესყიდვის განხორციელებაზე ნებართვის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. სასტუმრო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება.

"გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა გამოწვეულია საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე სივრცეში გადასაყვანი შესაბამისი საჭიროების მქონე პირების დიდი რაოდენობის გამო, რომელთა გადაყვანა საკარანტინე ზონაში უნდა მომხდარიყო დაუყონებლივ, რათა თავიდან აგვეცილებინა ახალი კორონავირუსის გავრცელება. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან საგრძნობლად იმატა და რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ. ცნობილია, რომ ინფიცირებული პაციენტები, რომელთაც მსუბუქი ჩივილები აღენიშნებათ, თავსდებიან სასტუმროებში, მათზე დაწესებულია სამედიცინო მეთვალყურეობა. ამ მიზნით დეპარტამენტის მიერ დაკონტრაქტებულია 7 დიდი ზომის სასტუმრო, რომლებიც ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევენ სასტუმრო მომსახურებას. გარდა ამისა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუდმივად ხდება მგზავრთა ნაკადების შემოდინება, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლას და ასევე, საჭირო ხდება კოვიდ ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტში მყოფი საყურადღებო პირების სავალდებულო კარანტინის რეჟიმში გადაყვანა. დაკონტრაქტებული სასტუმროების რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი და საჭირო გახდა რამდენიმე ახალი სასტუმროს დამატება, რომლებიც მოემსახურებიან ჩვეულებრივ კარანტინის საჭიროების მქონე პირებს და სამედიცინო პერსონალს", - ნათქვამია განაცხადში. 

ზაფხულში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 7.8 მილიონის ღირებულების კარანტინის ზონების შესყიდვაზე მიიღო თანხმობა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კი ოქტომბრის დასაწყისში დამატებით 7.9 მილიონის შესყიდვაზე მიიღო თანხმობა. აგვისტოში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დამატებით 21 მილიონი ლარის კარანტინის ზონებიც შეისყიდა. 

ამ დრომდე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს საკარანტინედ სასტუმრო მომსახურების შესყიდვაზე 50 მილიონ ლარზე მეტი აქვთ დახარჯული.

შეგახსენებთ, რომ აქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობა 8-დღემდე შემცირდა. ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანი იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები