მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის ₾3.5 მლნ-ს გამოყოფს - დეტალები

სტიქია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 267 ოჯახისთვის 3.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ფინანსურ დახმარებას ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძის Facebook გვერდიდან გახდა.

BM.GE აჭარის მთავრობას იმის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, თუ რა პრინციპით განაწილდება აღნიშნული თანხა, რა ლიმიტებია დაწესებული ოჯახებისთვის და რა ფორმით მიიღებენ ბენეფიციარები დახმარებას.

აჭარის მთავრობისგან მიღებული განმარტებების მიხედვით, დახმარების გაცემის წესი, კრიტერიუმები და ლიმიტები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

ფინანსური დახმარება გაეწევათ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენის შედეგად (ჭარბი ატმოსფერული ნალექი, ძლიერი ქარი, გრუნტის წყლები და ა.შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება, აღდგენა ან რეაბილიტაცია.

აჭარის მთავრობის ცნობით, წარმოდგენილი 267 შემთხვევა 2025-2026 წლებში განვითარდა.

ხანძრით დაზარალებულთა შემთხვევაში, დახმარება ძირითადად ეხება საყოფაცხოვრებო ხანძრებს (მაგალითად, გაუმართავი ელექტროსადენებით ან ქსელის გადატვირთვით გამოწვეული შემთხვევები), თუმცა პროგრამაში სხვა ტიპის ხანძრებზე შეზღუდვა დაწესებული არ არის.

მთავარი პირობაა, რომ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში ან მფლობელობაში არ გააჩნდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც საჯარო რეესტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაცემებით მოწმდება.

უწყების განმარტებით, დახმარების მოცულობა დამოკიდებულია ადგილობრივი კომისიის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ოჯახის სარეიტინგო ქულაზე:

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის:

  • 0-დან 100 000-მდე ქულა: დაუფინანსდებათ სახლის მშენებლობა/აღდგენის ხარჯთაღრიცხვაში ასახული პირდაპირი ხარჯის 100%, არაუმეტეს 20 000 ლარისა;
  • 100 000-დან 200 000-მდე ქულა: დაუფინანსდებათ პირდაპირი ხარჯის 90%, არაუმეტეს 20 000 ლარისა;
  • 200 000-ზე მეტი ქულა ან ბაზაში არარეგისტრირებული ოჯახები: დაუფინანსდებათ პირდაპირი ხარჯის 80%, არაუმეტეს 20 000 ლარისა.

    ხანძრით (ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის) დაზარალებული ოჯახებისთვის:

  • საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში: გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფიქსირებული 25 000 ლარის ოდენობით (ამ შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა საჭირო არ არის);
  • საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში: გაიცემა აღდგენის მიზნით შედგენილი ხარჯთაღრიცხვის პირდაპირი ხარჯის 100%, მაგრამ არაუმეტეს 20 000 ლარისა.

აჭარის მთავრობაში გვიდასტურებენ, რომ თანხის მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობიდან გამოყოფილი ასიგნება ჯერ გადაეცემათ შესაბამის მუნიციპალიტეტებს (მერიებს). ადგილობრივი თვითმმართველობები დაზარალებული ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან აფორმებენ წერილობით შეთანხმებას თანხის მიზნობრივად ხარჯვის შესახებ, რის შემდეგაც ხდება თანხის გადარიცხვა.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, აღნიშნული 3.5 მილიონი ლარი წარმოადგენს დამატებით ასიგნებას და არ შედის მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში. მათი ცნობით, 2025 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებული 704 ოჯახის მხარდასაჭერად სულ 8 მილიონამდე ლარი გამოიყო, ხოლო მიმდინარე წელს 352 ოჯახის დასახმარებლად უკვე მიმართული იყო 4 მილიონ ლარზე მეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები