აჭარის მთავრობას ტურიზმის ელჩების კონცეფციის პირველადი შედეგები სექტემბერში ექნება. ამის შესახებ BM.GE-ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის ელჩების ინსტიტუტი აჭარისთვის ჯერ კიდევ აუთვისებელი ქვეყნებიდან ვიზიტორების მოზიდვას მოემსახურება.
„იმ სეგმენტებში, სადაც დიდი აქტივობა არ შეინიშნება, გვინდა, რომ აჭარაზე ინფორმირებულობა უფრო მაღალი იყოს და შემდეგ მიზნობრივი ძალისხმევით ჩამოვიყვანოთ ტურისტები როგორც დასავლეთ ევროპის, ისე სკანდინავიის ქვეყნებიდან. ასევე, სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც იქნება აქტივობა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე ინფორმაციით, თითოეულ შერჩეულ ქვეყანაში ტურიზმის ერთი ელჩი იმუშავებს, თუმცა საბოლოოდ, რა ფორმით ამოქმედდება ეს ინსტიტუტი, სექტემბერში გახდება ცნობილი.
„თუ მოესწრო, ეს საპატიო სტატუსი შერჩეულ პირებს შეიძლება, წელსაც მივანიჭოთ, მაგრამ ეს მიმართულება აქტიური ალბათ 2019 წლიდან იქნება“, - აღნიშნა მან.

























