აჭარის მთავრობა ხელვაჩაურში ინდუსტრიული ზონის განვითარებას გეგმავს. როგორც აჭარის ეკონომიკის სამინისტროში BM.GE-ს განუცხადეს, ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურში უკვე არსებული სამრეწველო ზონის გაგრძელება იქნება, რომელსაც კონკურენტებისგან ხელსაყრელი მდებარეობა გამოარჩევს.
ხელვაჩაურის სამრეწველო ზონა ბათუმის პორტიდან 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სამრეწველო ზონა აეროპორტიდან 500 მეტრით, სარფის საბაჟოდან 10 კილომეტრით, სარკინიგზო ჩიხებიდან - 4 და 7 კილომეტრით არის დაშორებული. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიას ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონაც ესაზღვრება.
,,ხელვაჩაურში ინდუსტრიული ზონა მოქმედი სამრეწველო ზონის გაგრძელებას წარმოადგენს. არსებულ სამრეწველო ზონაში დღეისათვის 90 საწარმოზე მეტი ფუნქციონირებს. მათ შორისაა: ცემენტის, სამშენებლო და ინერტული მასალების, ასფალტის, ქვიშისა და ღორღის, საკედლე ბლოკების, პლასტმასის, თაბაშირის, მუყაოს მწარმოებელი ქარხნები. ასევე განთავსებულია ხორბლის, თევზის, ყავის გადამამუშავებელი და სხვა მცირე საწარმოები’’-აცხადებენ სამინისტროში.
მათი თქმით, დაგეგმილ სამრეწველო ზონასთან გაივლის აჭარის შემოვლითი მაგისტრალური გზა, რაც ტერიტორიის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

























