აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ბოლო მოვლენების გათვალისწინებთ ქვეყანაში გაუარესებული საინვესტიციო გარემო შეაფასა. მისი თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ იერიში მიიტანონ არამარტო ინსტიტუციებზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზეც. რიჟვაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა მოხდეს ნეგატიური ეფექტის ნორმალიზება და სიტუაციის გამოსწორება. მისივე თქმით, აჭარის მთავრობა აქტიურად მუშაობს ტურიზმის ბაზრის დივერსიფიცირებაზე და რუსი ტურისტების ნაკლებობით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრისთვის.
„ჩვენ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ასევე მაკროეკონომიკური პარამეტრებით ვართ რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მაგრამ ამ ქვეყნის არაკეთილისმოსურნეები, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ შტურმი მიიტანონ არამარტო ინსტიტუციებზე, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა ის ნეგატიური ეფექტი, რაც არის გამოწვეული ამ უპასუხისმგებლო ქმედებებით, იქნას ნორმალიზებული. “ნაციონალურ მოძრაობას” და სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ მივცემთ საშუალებას გააფუჭონ ჩვენი ბიზნეს გარემო და ეკონომიკური წინსვლა”,- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
BM.GE-ს კითხვაზე, თუ ხედავს ის არსებული საინვესტიციო მდგომარეობის გაუარესებაში მთავრობის წვლილს და პასუხისმგებლობას, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს:
„მთავრობა, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც აგრძელებს ძალიან ეფექტურად მუშაობას იმისათვის, რომ ის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ასევე ბიზნესის კეთება და მისი დაცულობა შევინარჩუნოთ და უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ“ - განაცხადა რიჟვაძემ.

























