აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსი ვახო თურმანიძე და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი გენინსპექციამ დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, თურმანიძემ 4 პირს მის კერძო საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მათ ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით ემუქრებოდა. უწყების შეფასებით, პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ ქურდობასთან კავშირი არ ჰქონდათ, იძულებული გახდნენ, ბრალდებულისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ.
რაც შეეხება დეტექტივების განყოფილების უფროსს, გამოძიების მიხედვით, ის სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ პირადი სარგებლისთვის საკუთარ კოტეჯებს აშენებდა და ამ მიზნისთვის სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ მანქანებს. შესაბამის მითითებებს კი დაქვემდებარებულ თანამშრომლებს აძლევდა.
ორივე პირი დაკავებულია სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
შსს-ის ინფორმაციით, „დამატებითი გარემოებების დასადგენად და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით გამოძიება გრძელდება“.



























