მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარის ტელევიზია და რადიო საინფორმაციოს გარდა ყველა გადაცემას აჩერებს - მიზეზები

აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხვალიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადადის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზეზით მაუწყებლის შენობა დროებით პერსონალისგან დაიცლება, ხოლო საინფორმაციო გამოშვების გარდა სხვა გადაცემები შეჩერდება. ამის შესახებ ტელევიზიამ დღეს, 8 მარტს გაავრცელა ინფორმაცია.

მაუწყებლის განმარტებით, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება დარჩება და ის დროებით „დაიჯესტის“ ფორმატში გავა, როგორც ტელევიზიის ასევე რადიოს შემთხვევაშიც.

ტელევიზიის სპეცეთერდან ირკვევა, რომ მაუწყებელში რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია იგეგმება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის განახლდება სხვა გადაცემების პირდაპირი ეთერი ან რომელი პროგრამები დაუბრუნდება მაუწყებლობას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ირაკლი კიკვაძის განცხადებით, არსებული შენობა ტექნიკურ და უსაფრთხოების პრობლემებს შეიცავს. სპეციალურ ეთერში კივაძემ თქვა, რომ "როგორც შენობს აქვს პრობლემა, ასევე სტრუქტურას აქვს ძალიან დიდი პრობლემა, სტრუქტურა მოძველებული და მორყეულია".

მისივე თქმით, ნიუსრუმი დროებით სხვა სივრცეებში გადაინაცვლებს, ნაწილობრივ აჭარის რადიოს შენობაში, ასევე თოჯინების თეატრის სივრცეში, ხოლო მენეჯმენტისთვის ტელევიზიამ დამატებითი ფართობი უკვე იქირავა.

მენეჯმენტის ინფორმაციით, ბათუმის ცენტრში მდებარე აჭარის ტელევიზიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა არსებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ის უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემურია.

ირაკლი კიკვაძის განმარტებით, მაუწყებელში დაგეგმილია რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაცია, რისთვისაც სპეციალური კომისია შეიქმნება.

2026 წელს აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტი 22.7 მილიონ ლარს შეადგენს. მაუწყებელში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები