მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ACT-ის კვლევის მიხედვით, ბოლო 1 წელში თბილისში მწეველთა რიცხვი გაზრდილია

5b3798584cbff
თელარა გელანტია
30.06.18 20:36
898
კომპანია ACT-ის მიერ მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 34% თამბაქოს მომხმარებელია.

მათ შორის 29% თამბაქოს რეგულარულად ეწევა, 5% კი - პერიოდულად.

ACT-ის ინფორმაციით, 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებული იმავე კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს ზრდასრული თბილისელების 31% მოიხმარდა, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ამ თვალსაზრისით, სიტუაცია არ შეცვლილა.

„თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კაცებში (58%) გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალებში (16%), ამასთან, ყველაზე აქტიურად თამბაქოს 35-54 წლის მოქალაქეები მოიხმარენ. მწეველთა უმრავლესობა (58%) რეგულარულად 15 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევა დღის განმავლობაში და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას გავლენა არ მოუხდენია მოწევის ინტენსივობაზე. გენდერული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც, დიდი განსხვავება გამოვლინდა; კაცების 68% ეწევა 15 ღერზე მეტ სიგარეტს დღის განმავლობაში, მაშინ, როცა ქალების მხოლოდ 29% მოიხმარს იგივე რაოდენობას“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ACT-ის გამოითხვის მიხედვით, თბილისელების 63% ფიქრობს, რომ ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ კანონი ვერ შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას, თუმცა, იგივე რაოდენობა 64% დადებითად აფასებს ახალ რეგულაციებს.

ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა 2-3 ივნისის პერიოდში, თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები