მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანები ხშირად ტოვებენ ქვეყანას მომავლის არ რწმენის გამო" - თამაზ დაუშვილი

დიო

ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი დემოგრაფიულ პრობლემას ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს.

საქართველო რეალური დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე დგას!“ - თქვა კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც მოიშველია.

საქმე ის არის, რომ საქსტატის მონაცემებით, წელს, იანვარ-ივნისში 17 719 ბავშვი დაიბადა საქართველოში. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი. 2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის იყო უარყოფითი. საქსტატის თანახმადვე, 2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა.

რაც შეეხება მოსახლეობის რიცხოვნობას, 2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 914 ათასამდეა გაზრდილი წინა 2016 წლის აღწერასთან შედარებით - მაშინ 3 713 804 იყო, მაგრამ ზრდის მთავარი ფაქტორი უცხოელები არიან - კერძოდ, საქართველოს მოსახლეობაში 3 657 000 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 257 000 ათასი - უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ბოლო 10 წელიწადში საქართველო 264 ათასმა მოქალაქემ დატოვა. საქსტატის მიგრაციის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანას თითქმის ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე უკან ბრუნდება - გამონაკლისი ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 2020 და 2024 წელი იყო. მთლიანობაში ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე ერთი წლის პერიოდით მაინც ემიგრაციაში 880 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა ერთი მესამედიც (264 ათასი ადამიანი) კვლავ ემიგრაციაშია.

„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობა არ იზრდება, არამედ მცირდება და ემიგრაცია, დაბალი შობადობა და ეკონომიკური სირთულეები ქმნის სურათს, სადაც ქვეყნის დემოგრაფიული სტრუქტურა იცვლება.

ბუნებრივია, გვაქვს სურათი, როდესაც ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა იცვლება, რაც, რა თქმა უნდა, არცერთი ქვეყნისთვის არ არის კარგი“, - ამბობს ის.

BMGTV-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა ისაუბრა ეკონომიკის სტრუქტურაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ ფაქტორზე, რომელიც გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე.

მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ოჯახისთვის უძრავი ქონების შეძენა... მაგრამ ეს არ არის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის... უძრავი ქონების ფასი სულ უფრო მზარდია, შემოსავლები - ნაკლებად და ასეთ სიტუაციაში ბუნებრივია, ადამიანები ფიქრობენ, რომ „ამ ქვეყანაში ჩემი შემოსავლით ბინას ვერ ვიყიდი და სჯობს, წავიდე უცხოეთში და იქ რაღაცა დავაგროვო“... ამასობაში აქ ფასები კიდევ უფრო მაღლა იწევს და მერე ფიქრობენ - „რაღა აქ [საქართველოში] ვიყიდო, იქ ვიყიდი“ ხომ?! და საერთოდ დარჩება ის ადამიანი უცხოეთში. ამიტომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთმანეთზეა მიბმული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სირაქლემას პოზიციაში ვართ ყველანი - „აი, ეს დღე გადავაგოროთ... აი, დღეს ხომ გვაქვს რაღაც ეკონომიკური ზრდის მონაცემები“ და ა.შ. რა სარგებელი მოაქვს [მაღალ ეკონომიკურ ზრდას] თითოეული მოქალაქისთვის, ეს არის საფიქრალი ანუ მიდის თუ არა ის საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე და არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის პარამეტრები“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

თამაზ დაუშვილის აზრით, დემოგრაფია უნდა გახდეს ქვეყნის განვითარების მთავარი საზომი. ის თვლის, რომ მოსახლეობის კლებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობა და გაურკვეველი სიტუაცია.

ადამიანები ხშირად ტოვებენ ქვეყანას, უკვე, მომავლის არ რწმენის გამო... გაურკვეველი სიტუაციაა მთლიანად ქვეყნის გარშემო...“, - აღნიშნა მან.

საბოლოო ჯამში, ბიზნესმენი გამოსავალს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და დივერსიფიცირებულ რეგიონულ განვითარებაში ხედავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები