“ადამიანების, კონკრეტული ოჯახების სარგებელს კარგავს ღარიბაშვილის მთავრობა კონკრეტულ დროში ანუ ჩვენ რომ გვქონოდა მწყობრი ნაბიჯები მიმართული წევრობაზე, სარგებელი მთლიანად მოხმარდებოდა საქართველოს მოქალაქეებს ძალიან სწრაფად”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ლილუაშვილს მაგალითად მოჰყავს ესტონეთი და ამბობს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირის წევრობისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ესტონეთმა, რომელიც საქართველოზე თითქმის ორჯერ პატარაა ქვეყანაა, სამჯერ ნაკლები მოსახლეობით, 7 მილიარდის ევროს მოცულობის მხარდაჭერის პაკეტები მიიღო.
„ესტონეთის შემთხვევაში, მთლიანი დაფინანსების 44% სწორედ მსგავს ფონდებზე მოდიოდა – ამბობს ბექა ლილუაშვილი „ანალიტიკა“–სთან – "წარმოიდგინეთ ახლა თქვენ – პირობითად – ერთი საზღვრიდან მეორემდე მთელი ავტობანის პროექტის მსგავსი კიდევ ერთი ასეთი პროექტი რომ გაკეთდეს ამ ფონდების საშუალებით, რამხელა გაუმჯობესება იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. აღარ ვლაპარაკობ განათლების, მეცნიერების და სხვა მიმართულებებით შესაძლო მხარდაჭერაზე“.
ლილუაშვილს მიაჩნია, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სარგებელი დაიკარგება.
„ახლა თუ ეს შესაძლებლობა დავკარგეთ, ადამიანები დაკარგავენ თავიანთი ოჯახებისთვის, თავიანთი შვილებისთვის კონკრეტულ სარგებელს“, – ამბობს ბექა ლილუაშვილი „ანალიტიკა“–სთან.
ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება, სანამ ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების საბოლოო შეფასებას წარმოადგენს.