მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ადამიანები რომ გამოვიდნენ ქუჩაში, მამუკა ხაზარაძე უნდა იყოს საპროტესტოდ განწყობილი"

5c6e7dca986ab
ლევან თაღიაშვილი
21.02.19 16:40
1141

ფინანსისტის აკაკი ცომაის განცხადებით, იმისათვის, რომ ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და არსებული მდგომარეობა გააპროტესტონ, თავად მამუკა ხაზარაძე უნდა იყოს საპროტესტოდ განწყობილი და ღიად ამბობდეს ამის შესახებ, თუმცა ცომაია ამის წინაპირობას ვერ ხედავს.

"ხაზარაძეს არ აქვს ცუდი რეპუტაცია, თუმცა ადამიანები რომ გამოვიდნენ ქუჩაში, მამუკა ხაზარაძე უნდა იყოს საპროტესტოდ განწყობილი და უნდა აცხადებდეს ამის შესახებ. ხაზარაძე არ არის იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს. ის უფრო დათმობებით და კომპრომისებით ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მომავლის დაგეგმვას. ამ ყველაფრის გამო, არ მქონდა მოლოდინი, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ნაბიჯს გადადგამდა, რაც ოპოზიციას ძალიან უნდოდა", - აცხადებს ის.

ცომაიას განმარტებით, მამუკა ხაზარაძის "თიბისი ბანკიდან" წასვლა ნიშნავს სერიოზულ გზავნილს ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში რაღაცის შექმნა შეუძლებელია და საკუთრების უფლება არაა დაცული.

"მისი პოლიტიკაში მოსვლის ამბავი მარჩიელობის თემაა. მე არ ვიცნობ მას კარგად. ერთი რამ ვიცი, რომ არსებული სიტუაცია ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - არამხოლოდ თიბისის ექმნება პრობლემა, არამედ JP Morgan-სთვის და ამ ტიპის ბიზნესებისთვის, არის ცალსახა გზავნილი, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არაა დაცული და შეიძლება, ერთ დღეს ასეთი რამ გაგიკეთონ", - განმარტავს ცომაია.

ის აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია და თუ ვინმეს ბიზნესის დასაკუთრება სურს, ნებისმიერი უწყების წინააღმდეგ შეუძლია წასვლა.

"არ მოქმედებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, აქ არ შეიძლება რაღაცის გაკეთება, რაღაცის შექმნა. ეს გზავნილია, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ინსტიტუტი იქნება წინააღმდეგი, თუ ერთ ადამიანს რაღაც სურს, ამას ყველაფრის მიუხედავად მიიღებს. მე ვერ შევადარებ თავისუფლების ხარისხს 2012 წლამდე და მერე, მაგრამ არც მაშინ და არც დღეს, ბიზნესი თავისუფალი არ არის", - თქვა მან.

ცომაია ამბობს, რომ 2012 წლამდე გაცილებით ნაკლები მსგავსი შემთხვევა ისმოდა. მისი თქმით, შეიძლება, გვიან ღამით ბიზნესის გადაფორმება არ მოხდეს, მაგრამ სამართლებრივი სისტემა მაინც არ არსებობს. 

"მაშინ ნაკლები შემთხვევები მესმოდა უფრო, ვიდრე ახლა გვესმის. შეიძლება, დილით 4 საათზე არ ხდება ბიზნესების გადაფორმება, მაგრამ თუ არსებობს გავლენიანი პოლიტიკური პირების მხრიდან რაიმე დაინტერესება ბიზნესების მიმართ, გზა ხსნილია. არც სასამართლო არსებობს, არც პროკურატურა, არც შსს. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. არანაირი სამართლებრივი სისტემა არ არის. ადრე იგრძნობოდა მაინც ინსტიტუციური გადაწყვეტილებები. ახლა ყველაფერი ჩამოშილილია. ვისთან უნდა გაარკვიო საქმე, ვის უნდა მოსთხოვო სამართალი, არავინ იცის", - თქვა მან.

შეგახსენებტ, რომ სს "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა. სებ-ის ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" რეგულატორის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციების ფარგლებში, "ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს" უკავშირდება, გადაიხდის. ჯარიმა ერთ მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, თუმცა ეროვნულ ბანკის წინააღმდეგ, ბანკისგან დამოუკიდებლად დავას აგრძელებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები