2024 წლის 2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში 1 დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა. სახალხო დამცველის განცხადებით, დაკავებულებს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ, ასეთივე სურათი დახვდა სახალხო დამცველს დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც.
„ფაქტია, რომ პოლიცია მომიტინგეთა დაკავებისას ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს; სახეზევე ეტყობათ ადამიანებს ამ ძალადობის კვალი. უკვე მრავალგზის მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას მოქალაქეების დაკავების მომენტში, ხოლო, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასეთ შემთხვევებზე დროული რეაგირება იქონიოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.