მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ადამიანებს იმისთვის ვსჯით, რისი იძულებით გაკეთებაც უწევთ - ურბანისტი სატრანსპორტო პოლიტიკაზე

631c5104b58a7
ალა ისპირიანი
14.09.22 09:40
1436
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის სექტემბრის ბოლო მონაცემებით, სულ 28 898 პარკირების ადგილია. აღნიშნული რაოდენობა კერძო ავტომობილის მფლობელებისთვის საკმარისი არ არის, რადგან თბილისში მანქანის გაჩერება მუდმივი პრობლემაა.

საკითხში ჩახედული ადამიანები ფიქრობენ, რომ საპარკინგე ადგილების გაზრდით პრობლემა არ მოგვარდება. ურბანისტი ანი ბიბილაშვილი გადაცემა „ანალიტიკაში“ ამბობს, რომ მერიამ ორიენტაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა აიღოს, რადგან გადაადგილების ალტერნატიული, კომფორტული და სწრაფი საშუალება გაჩნდეს.

„თბილისის მერია შესაძლებლობას არ გაძლევს გადაადგილებისთვის სხვა ტრანსპორტი აირჩიო. არასაკმარისია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ისე დივერსიფიცირებული არ არის, რომ მოხმარება უფრო კომფორტული და სწრაფი იყოს. გამოდის, რომ ავტომობილის გაჩერებისთვის საკმარისი საპარკინგე რაოდენობა არ არის, მაგრამ სხვა ტრანსპორტის ალტერნატივაც არ გაქვს. დღეს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას შევხედოთ, მათ სატრანსპორტო საპარკინგე პოლიტიკაში პირდაპირ წერია, რომ პირველი მოთხოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

შემდეგი მოთხოვნაა მოხმარების ანუ მიწათსარგებლობის პოლიტიკის მიბმა საპარკინგე საკითხებთან და ეს ისეა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ ცალკე თუ რაღაცას გავაკეთებთ, შედეგი არ მოჰყვება. ამ შემთხვევაში, იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ვართ, ადამიანებს იმისთვის ვსჯით, რისი იძულებაც უწევთ. ფაქტობრივად იძულებით უწევთ იქ გაჩერება, რადგან ადგილი არ არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად უნდა განვითარდეს, რომ ავტომატურად ავტომობილის მფლობელები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ“, - ამბობს იგი.

აღნიშნულ მოსაზრებას ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე გელა კვაშილავაც ეთანხმება. 

„პარკირების პოლიტიკა განყენებული სფერო არ არის. ეს საერთო სატრანსპორტო სფეროსთანაა მიბმული და მთლიანობაში ქალაქის ურბანულ განვითარებას უკავშირდება. ჩვენ იმისთვის არ ვართ მზად, რომ პარკირების დარღვევაზე ჯარიმები გავზარდოთ. ის გზა, რომელიც ევროპის ქალაქებმა განვლეს, არის ავტომობილზე უარის თქმა და ფოკუსის საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და ველოგადაადგილებაზე გაკეთება.

როდესაც ვსაუბრობთ, რატომ არ ხსნის მერია საპარკინგე ადგილებს, ეს არალოგიკური და არათანმიმდევრულია, რადგან ერთი მხრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრიორიტეტად თუ ვაცხადებთ, მეორე მხრივ რესურსებს არ უნდა ვხარჯავდეთ გადაადგილების იმ საშუალებებზე, რომელიც ამას ეწინააღმდეგება“, - ამბობს კვაშილავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები