იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიშის წარდგენაზე BMG-ს განუცხადა, რომ ყველაზე გავრცელებული დარღვევა საერთო სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურება და ვადების გადაცილებაა, რის გამოც მოქალაქეები ხშირად წლების განმავლობაში ელოდებიან საქმეებზე გადაწყვეტილებებს.
"ეს გახლავთ ძალიან სერიოზული პრობლემა, რადგან დაგვიანებული მართლმსაჯულება ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ხშირად სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საშუალება არ აქვთ“.
ნაზი ჯანეზაშვილი ვადების გაჭიანურების მთავარ მიზეზად მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობას ასახელებს, თუმცა სხვა მიზეზებზეც აპელირებს, მაგალითად არასწორი მენეჯმენტი და სასამართლოსთვის მიმართვიანობის მკვეთრი ზრდა ბოლო წლებში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით კითხვები აქვს ევროპის საბჭოსა და სხვა ლოკალურ უწყებებსაც, რათა გაირკვეს, თუ რამ განაპირობა ქვეყანაში სასამართლოსთვის მიმართვიანობის ასეთი მასშტაბური ზრდა.
ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოში შესული საქმეების მატება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით იყოს გამოწვეული.

























