საქართველოში პირველი გადანერგვის ოპერაცია 1977 წელს შესრულდა და ეს იყო თირკმლის გადანერგვა. 2023 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 575 გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა, მათგან ყველაზე მეტი 447 თირკმლის ტრანსპლანტაციაა.
საქართველოში მხოლოდ ცოცხალი დონაცია მოქმედებს და გვამური დონაცია განვითარებული არ არის. როგორც საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში აცხადებს, მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო გვამური დონაციის გზით ინერგება.
„150 ათასზე მეტი ორგანო ინერგება მსოფლიოში ყოველწლიურად, ეს არის 10% იმისა, რაც მსოფლიო მოსახლეობას სჭირდება. შესაბამისად, 10-ჯერ მეტი გადანერგვა უნდა იქნეს ნაწარმოები. ყველანაირი გზა უნდა იქნეს მოძიებული იმისათვის, რომ სათანადო ორგანოები მოვიპოვოთ, რომ ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე.
საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, რადგან თუ მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო გვამური დონაციის გზით ინერგება, ჩვენთან გვამური დონაცია საერთოდ არ არის.
გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი.
საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა დევიზია: „ნუ წაიღებთ თქვენს ორგანოს საიქიოში, საიქიომ იცის, რომ ის ჩვენ გვჭირდება აქ“.
მთავარია, რომ ეს დონორობა იყოს ალტრუისტული, ნებაყოფლობითი ქმედება. ამაში არანაირი მატერიალური დაინტერესება არ შეიძლება იყოს ჩადებული, რა პრობლემასაც ვაწყდებით ცოცხალ დონაციასთან დაკავშირებით“,-აცხადებს გია თომაძე.
შეგახსენებთ, გასულ თვეში პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხის, უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს.
დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც.