მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიან მაგისტრალს €306 მილიონიანი სესხით დააფინანსებს - კრედიტს ხელი მოეწერა

ლაშა ხუციშვილი ADB

ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ლესლი ბერმან ლამმა ხელი მოაწერეს ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიან მაგისტრალის დაფინანსებისთვის 306.6 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმებას.

აღნიშნული მაგისტრალი წარმოადგენს უკვე გახსნილი ბათუმის შემოვლითი გზის გაგრძელებას და ის საქართველოს თურქეთთან დააკავშირებს. პროექტი 7.6 კილომეტრის გვირაბის და მდინარე ჭოროხზე 1.5 კილომეტრის სიგრძის ხიდის აგებას ითვალისწინებს.

პროექტზე უკვე გამოცხადებულია 14 მილიონი დოლარის ტენდერი, რაც სამშენებლო ზედამხედველის შერჩევას უკავშირდება. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 22 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო და ის 6 ოქტომბრამდე გადაიწევს. ამასთან, ნავარაუდევია, რომ პროექტისთვის მიწების გამოსყიდვა დაახლოებით 114 მილიონი ლარი დაჯდება.

პროექტის მიხედვით, საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა.

11.3-კილომეტრიანი გზის პროექტი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს - გონიოს, კვარიათსა და სარფს გვერდს უვლის:

"საპროექტო გზის ჯამური სიგრძე შეადგენს 11,4 კმ-ს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის (მათ შორის 1.5-კილომეტრიანი ხიდის) და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფ. სარფის ტერიტორიაზე არსებულ გზაზე, იგეგმება გაფართოებითი სამუშაოების განხორციელება.

საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდ. ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე. გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფ. სარფის მიმართულებით და ხიდის მეშვეობით, სოფ. სარფის ტერიტორიაზე უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე," - ნათქვამია პროექტის აღწერაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები