მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება $5 მილიარდამდეა

ADB

აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB) საქართველოსთვის გამოყოფილი ჯამური დახმარება 5 მილიარდ დოლარამდეა, რაც სესხებს, გრანტებს და ტექნიკურ დახმარებას მოიცავს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში საქართველოში ADB-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ლამმა განაცხადა.

"ამ თანხიდან 935 მილიონი დოლარი პირდაპირ კერძო სექტორზეა გამოყოფილი. სუვერენული სესხების პორტფელი ამჟამად 1.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომლის ნახევარზე მეტი სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაზეა მიმართული, მესამედი კი ურბანული ინფრასტრუქტურისა და წყლის პროექტებზე", - თქვა მან.

ლესლი ლამმა გამოხატა მხარდაჭერა პროექტების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს საგზაო ქსელების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას.

„ამ ინვესტიციებმა უკვე დაიწყო შედეგის მოტანა, გაუმჯობესდა ეკონომიკური შესაძლებლობები და გაზარდა რეგიონული მნიშვნელობა“, - აღნიშნა ლამმა.

მან ADB-ის ბოლო ჩართულობის მაგალითად GWP-ის მფლობელი კომპანიის, სს Georgia Global Utilities-ის (GGU) მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 40 მილიონი დოლარის ინვესტირება დაასახელა.

მან ასევე ისაუბრა ADB-ის მხარდაჭერაზე ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ცოტა ხნის წინ დამტკიცებული ჯანდაცვის პროგრამა მიზნად ისახავს ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ღარიბი და დაუცველი ფენებისთვის. სოფლის მეურნეობის პროგრამა კი მიზნად ისახავს სარწყავი სისტემების მოდერნიზებას და საქართველოში ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას.

"ეს ინიციატივა დაეხმარება კახეთის რეგიონის ფერმერებს დანერგონ მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები ისეთი მნიშვნელოვანი კულტურების წარმოებისთვის, როგორიცაა ყურძენი. ეს მოიცავს კლიმატისადმი მგრძნობიარე წყლის მართვას, წყლის ადგილობრივ შენახვას და გადამუშავებას და ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ საბრძოლველ ზომებს", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები