აზიის განვითარების ბანკის მეთერთმეტე პრეზიდენტის თანამდებობა დღეს მასატო კანდამ ოფიციალურად დაიკავა. ინფორმაციას ADB ავრცელებს.
ADB-ის მმართველთა საბჭომ მასატო კანდა პრეზიდენტად ერთხმად აირჩია, რაც აჩვენებს საბჭოს ღრმა რწმენას, რომ ის შეძლებს ბანკის სწორი მიმართულებით წაყვანას მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს. ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რთული ეკონომიკური პოლიტიკის მართვასა და მულტილატერალურ გარემოში მუშაობის მისი ხანგრძლივი გამოცდილება შეუფასებელი იქნება ორგანიზაციაში, რომელიც განაგრძობს სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოსთან ადაპტირებას.
“ჩემთვის დიდი პატივია გავხდე ADB-ის პრეზიდენტი ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს. ჩვენი 69 წევრი ქვეყნის ნდობითა და ჩვენი ერთგული თანამშრომლების თანადგომით, მზად ვარ შემდგომ საფეხურზე ავიყვანო ADB-ის მისია მდგრადი, მრავალმხრივი და მედეგი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ გავუმკლავდეთ განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვან გამოწვევებს და უზრუნველვყოფთ, რომ ADB დარჩეს რეგიონში სასურველ პარტნიორად”, - განაცხადა მასატო კანდამ.
მასატო კანდა გააგრძელებს წინამორბედის, მასაცუგუ ასაკავას მემკვიდრეობას —სრულყოფილებისკენ სწრაფვისა და ინოვაციების გზას. საერთაშორისო ფინანსებსა და განვითარების პოლიტიკაში თითქმის ორმოცწლიანი გამოცდილების მქონე კანდა აღიარებულია თავისი წინდახედული ლიდერობითა და გადამწყვეტი ჩარევებით ბაზრის არასტაბილურობის პერიოდებში. იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების ფინანსების ვიცე-მინისტრობის დროს მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის აღრულებაში, რამაც ბაზრების სტაბილიზებას შეუწყო ხელი.
“მასატო კანდას ADB-ში მოაქვს მდიდარი გამოცდილება და ახალი პერსპექტივები. მისი გამოცდილება რთული ფინანსური გამოწვევების დაძლევასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში მას იდეალურ ლიდერად აქცევს გაგვიძღვეს საერთო საქმეში, რომელშიც ვეყრდნობით ჩვენს ძლიერ მხარეებს და ვიყენებთ ახალ შესაძლებლობებს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ADB ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის მიიღებს მიზანმიმართულ და შედეგიან გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ფაბიო პანეტამ.
თავის ახალ თანამდებობაზე საუბრისას მასატო კანდამ დასძეს: “მზად ვარ, გამოვიყენო ჩვენი ორგანიზაციის კოლექტიური ექსპერტიზა და მჭიდროდ ვითანამშრომლო ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევუწყო ხელი გარდამტეხ ცვლილებებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ძალისხმევას მივმართავთ რეალური შედეგების მომტან პრაქტიკულ ქმედებებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფს ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივ გაუმჯობესებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.”
ADB-ში აცხადებენ, რომ მასატო კანდას პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა ხაზს უსვამს ADB-ის მუდმივ ევოლუციას და აღებულ ვალდებულებას, დააკმაყოფილოს განვითარებადი წევრი ქვეყნების სწრაფად ცვალებადი საჭიროებები. "ვინაიდან ბანკი სტრატეგიული განვითარების ახალ ფაზაში გადადის, მისი მმართველობა დაემყარება ADB-ის ძლიერ მემკვიდრეობას და უზრუნველყოფს ინსტიტუციის მზადყოფნას მომავალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ADB არის წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ეყრდნობს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.




























