მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB-ისა და საქართველოს შორის €98 მილიონიანი სესხის გამოყოფაზე შეთანხმება გაფორმდა

ფინანსთა სამინისტრო

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 98 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული სესხის შესახებ აზიის განვითარების ბანკმა კი ინფორმაცია ჯერ კიდევ 16 აპრილს გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგურის შექმნას 104 მლნ დოლარის სესხით დააფინანსებს. ამასთან, ბანკმა 400 000 დოლარის გრანტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება მწვანე წყალბადის განვითარების მიმართულებით.

დღეს ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში კი აღნიშნულია, რომ სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლესლი ბერმან ლამმა.

"პროექტი ითვალისწინებს კლიმატმედეგი ენერგიის შემნახველი სისტემის (BESS) მოწყობას ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე, ასევე, შეისწავლის მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობებს, BESS-ის ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (GSE).

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ამაღლებას. ამასთანავე, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში, ასევე, ზოგადად, საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში", - აცხადებენ სამინისტროში.

აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტი ინგმინგ იენგმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტის“ სასესხო შეთანხმების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგო წყაროების ათვისების შესაძლებლობას“.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც მან აღნიშნა, პროექტი ქვეყნის კერძო სექტორს აძლევს განახლებად წყაროებზე მუშაობის საშუალებას.

„გილოცავთ ამ ისტორიული შეთანხმების ხელმოწერას. პროექტი ეროვნულ ენერგო სისტემაში ინტეგრაციას განაპირობებს და ქვეყნის კერძო სექტორს აძლევს განახლებად წყაროებზე მუშაობის საშუალებას. ეს საეტაპო მოვლენაა, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური და ფინანსური წინსვლაა, არამედ კერძო სექტორის საინვესტიციო მიმართულებით გააქტიურებაც. ამგვარი ამბიციური ინიციატივა საქართველოს მისცემს განახლებადი ენერგო წყაროების ათვისების შესაძლებლობას. აზიის განვითარების ბანკი სიამოვნებით ერთვება პროექტში და განსაკუთრებით მიესალმება კერძო სექტორის ჩართულობის პერსპექტივას. დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინგმინგ იენგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები