აზიის განვითარების ბანკი კახეთის რეგიონში რამდენიმე წელიწადში 100 მილიონიდან 500 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. კერძოდ, დონორი აღნიშნული თანხების ინვესტირებას თელავის, გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში 10 წლის განმავლობაში მოახდენს. როგორც BM.GE-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ADB-ის ინვესტიცია კახეთის რეგიონში ეკონომიკის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებით განხორციელდება.
კერძოდ, საუბარია თიანეთის შემოვლითი გზის რეკონსტრუქცია - განახლებაზე, რაც ტურისტულ სეზონს მინიმუმ 3 თვემდე გაზრდის; ასევე საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლებსა და ტურისტულ ადგილებში; შემოვლითი გზების მშენებლობა; კახეთში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია; კიდევ ერთი დაფინანსებული პროექტი თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავი სარკინიგზო გზის აღდგენაა, ტურისტების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად. აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს ასევე რეგიონში ტურიზმის, წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს .
გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში აშენდება ასევე სპორტული, კულტურული და სავაჭრო ცენტრები.

























