მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევის პროცესში - ასაკავა

ADB

საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორის, “აზიის განვითარების ბანკის” პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინსტიტუტი რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად გადაქცევის პროცესში საქართველოს მხარს უჭერს. როგორც მასაცუგუ ასაკავამ თბილისში, ADB-ის 57-ე წლიური ყრილობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობა უსვამს ხაზს.

“საქართველომ და ADB-მ თანამშრომლობა 2007 წელს დაიწყეს და ახლა, ჩვენ საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უდიდესი პარტნიორი ვართ. დღემდე, ADB-მ საქართველოს $3.9 მილიარდის დაფინანსება გამოუყო, როგორც სუვერენული სესხების, ასევე გრანტებისა და დახმარების სახით. ამასთან, $900 მილიონზე მეტი გამოიყო კერძო პროექტებისთვის, როგორც ტექნიკური დახმარების სახით. ამგვარად, ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია საქართველოს ეროვნული განვითარების გეგმაში გაწერილ სამ მიმართულებას მოიცავს, ესენია: ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო მმართველობა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში მდებარეობს, ქვეყანას მუდმივად ვუჭერთ მხარს, მაგრამ საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარეობს და საქართველოს მიერ თანამშრომლობის მიმართულებით რეგიონში გადადგმულ ნაბიჯებს ვაფასებთ. ADB მხარს უჭერს საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად გადაქცევის პროცესში, როგორც ვაჭრობის გაციფრულების, ასევე რეგიონული დაკავშირებადობის, ფინანსური ინკლუზიურობის, საინვესტიციო კლიმატის, გარემოსდაცვითი მდგრადობის, მდგრადი ენერგეტიკის და მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში ინტეგრაციის მიმართულებით. რეგიონში არსებული შესაძლებლობების გამოსაყენებლად ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა მასაცუგუ ასაკავამ.

“აზიის განვითარების ბანკი”, როგორც ცნობილია, საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები