აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3.5%-მდე ამცირებს. კერძოდ, ბანკში აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო 2021 წელს მიღწეული იმედისმომცემი ორნიშნა ზრდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 3.5%-მდე შენელდება. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
2022 წლის პროგნოზის მიხედვით, ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 2023 წელს მცირედ გაუმჯობესებას და 5%-იან მატებას უწინასწარმეტყველებს, გაზრდილი საშინაო და საგარეო მოთხოვნის ფონზე, რასაც დაჩქარებული საკრედიტო ზრდა და ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში სტრუქტურული რეფორმების შედეგად ექსპორტის ხელშეწყობა განაპირობებს.
„საქართველო რუსეთის უკრაინაში შეჭრის უარყოფით შედეგებს დაინახავს შემცირებული ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კუთხით,“- აცხადებს ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი და დასძენს, რომ ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობას სჭირდება საბიუჯეტო ხარჯვების ფრთხილი გაანგარიშება, პანდემიასთან დაკავშირებული ორწლიანი გაზრდილი ხარჯვის შემდეგ.
ასევე მათი თქმით, სასურველია მთავრობამ ინვესტირება განახორციელოს ურბანულ არეალებში და იმავდროულად მოახდინოს რეგიონების ფისკალური დეცენტრალიზაცია, სოციალურ სექტორებში ინვესტირების პარალელურად. ეკონომიკაში საზოგადოების ყველა წარმომადგენლის მონაწილეობისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს თანაბრად ფარავს.
ADB-ის პროგნოზით 2022 წელს ინფლაციის 7%-მდე, 2023 წელს კი 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სავარაუდოდ გაფართოვდება და 2022 წელს მშპ-ს 10%-ს შეადგენს, ნავთობის ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, რაც 2023 წელს 7.5%-მდე შემცირდება. ექსპორტის ზრდა 2022 წელს 12.1%-ით არის ნავარაუდევი, 2023 წელს კი 14.9%-ით. რადგან ეკონომიკური სანქციები რუსეთში ზრდას აფერხებს, ფულადი გზავნილები 2022 წელს სავარაუდოდ 1.8 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდება, 2023 წელს კი 1.7 მილიარდ აშშ დოლარამდე.
ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საჭიროება, საქართველომ გააძლიეროს შიდაეროვნული სახელმწიფო დაფინანსება, რაც სერვისების მიწოდებას უფრო ეფექტიანს და ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის, მათ შორისაა დიდი დასახლებული ცენტრებისთვის მნიშვნელოვანი კომპლექსური სერვისების მიწოდება; ასევე წყალმომარაგება და წყალარინება რეგიონულ ქალაქებში, ჯანდაცვა, განათლება და სოციალური დაცვა მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილისთვის. ფისკალური დეცენტრალიზაცია გააუმჯობესებს სერვისების მიწოდებას და ხელს შეუწყობს ზრდას.




























