მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ADB საქართველოში ინფლაციის პროგნოზს 11%-მდე ზრდის

632ac2cd18179
მარიამ ვარადაშვილი
21.09.22 11:52
563
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში 2022 წლის ინფლაციის პროგნოზი 11%-მდე გაზარდა.

“აზიის განვითარების პროგნოზი 2022”-ის განახლებული ვერსიის თანახმად, 2023 წელს წლიური ინფლაცია 5%-მდე შემცირდება. აპრილში გაკეთებული პროგნოზით, 2022 წელს წლიური ინფლაცია ქვეყანაში 7% უნდა ყოფილიყო, ხოლო 2023 წელს 4%. ADB-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაციის გაზრილი პროგნოზი მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

ანგარიშში მოხვდა საქართველოს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებიც, რაც ქვეყანას მიმდინარე წელს აქვს. მათ შორის მშპ-ს 10.5%-იანი ზრდა წლის პირველ ნახევარში, რისი ერთ-ერთი მიზეზი მომსახურების სექტორის ზრდაა. მომსახურების სფერო 15.3%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე. გაიზარდა წარმოებაც 18%-ით მრეწველობისა და კომუნალური მომსახურების ზრდის შედეგად, სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფლაციას, განახლების მიხედვით მიმდინარე წლის 7 თვეში წლიური ინფლაცია 12.9%-მდე გაიზარდა და ფასები ყველაზე მეტად საკვებსა და ტრანსპორტზე [19% და 21.6%] გაიზარდა. გაზრდილი ინფლაციის ფონზე 2022 წლის მარტში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაზარადა.

ექსპორტთან და ტურიზმთან ერთად, ADB-მ გაზრდილი ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ მიზეზად ფულადი გადარიცხვები დაასახელა. 2022 წლის 7 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილები წლიურად 68.5%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც აპრილ-ივლისში რუსეთიდან გზავნილების თითქმის 6-ჯერ ზრდა გახდა. მსგავსი ზრდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამ განაპირობა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი, გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში. 2022 წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა, მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაზრდილი რისკებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები