მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ADB Ventures-მა ქართულ აგროტექნოლოგიურ სტარტაპ TelAgri-ში პირველი ინვესტიცია განახორციელა

TelAgri

აზიის განვითარების ბანკმა (ADB), საკუთარი ვენჩურული კაპიტალის ფონდის, ADB Ventures-ის მეშვეობით, კაპიტალის ინვესტიცია განახორციელა TelAgri-ში. ინფორმაციას თავად ADB ავრცელებს.

TelAgri, თბილისში დაფუძნებული აგროტექნოლოგიური და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია, სატელიტური მონაცემებისა და ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული რისკების ანალიზის მეშვეობით ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტებას. ინვესტიცია გააძლიერებს TelAgri-ის გაფართოებას განვითარებად ბაზრებზე, რაც ფინანსურ ინსტიტუტებს უფრო სწრაფი და ინფორმირებული საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს და გაზრდის ფერმერების ფინანსებზე წვდომას. ეს არის ADB Ventures-ის პირველი ინვესტიცია საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (UNFAO) და ADB-ის შეფასებით, სოფლის მეურნეობა განვითარებად ეკონომიკებში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული დარგია და დაფინანსებაზე წვდომა არ აქვს მცირე ფერმერების 70%-მდე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ხშირად ფინანსურ ორგანიზაციებს არ აქვთ მეურნეობებზე სანდო მონაცემები.

TelAgri ამ გამოწვევას სატელიტური გამოსახულებების, ხელოვნური ინტელექტისა და აგრონომიული ექსპერტიზის ერთობლიობით პასუხობს, რაც ბანკებს ეხმარება მეურნეობების რისკების შეფასებაში, სასესხო პორტფელების მონიტორინგსა და პოტენციური პრობლემების დროულ, დეფოლტამდე გამოვლენაში.

„სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. TelAgri ადგილობრივი ინოვაციის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც მეტისმეტად პრაქტიკულ გამოწვევას პასუხობს,“ - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

აღნიშნული ინვესტიციის მეშვეობით, TelAgri გეგმავს დააჩქაროს პროდუქტის განვითარება, გააფართოოს საქმიანობა ახალ ბაზრებზე, გააძლიეროს პარტნიორობა ბანკებთან და მთავრობებთან და განაგრძოს უნიკალური აგრარული ანალიტიკური პლატფორმის განვითარება.

„ADB-ის მხარდაჭერით, TelAgri მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და ფინანსებთან დაკავშირებულ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებასა და უფრო ძლიერი და მდგრადი ეკონომიკების განვითარებას საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში.“

კომპანია უკვე თანამშრომლობს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პარტნიორებთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და სთავაზობს მათ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო დაკრედიტებას, პორტფელების მონიტორინგსა და სასურსათო უსაფრთხოების დაგეგმვას. ინვესტიცია TelAgri-ს დაეხმარება დააჩქაროს პროდუქტის განვითარება, შევიდეს ახალ ბაზრებზე, გააძლიეროს პარტნიორობა ბანკებთან და მთავრობებთან და კიდევ უფრო დახვეწოს აგრარული ანალიტიკის პლატფორმა.

„გვჯერა, რომ უკეთესი მონაცემები უკეთეს ფინანსურ გადაწყვეტილებებს ქმნის. ეს ინვესტიცია ჩვენი ხედვის მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომლის მიზანია შევქმნათ მონაცემთა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარებად ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებას განაპირობებს. ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ ფინანსურ ინსტიტუტებს უფრო თავდაჯერებულად გასცენ სესხები და ამავდროულად მილიონობით ფერმერს კაპიტალზე წვდომა გაუზარდონ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქავამ, TelAgri-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.

ADB Ventures ინვესტიციებს ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ კომპანიებში ახორციელებს, რომლებიც ავითარებენ გადაწყვეტილებებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექტორებს, როგორიცაა აგროტექნოლოგია, ფინანსური ტექნოლოგიები, კლიმატის მიმართ მდგრადობა და ინკლუზიური ზრდა.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები