მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ადეიშვილი ამბობს, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ბიზნესთან ურთიერთობაში ბევრი შეცდომა დაუშვა

5d430955b11cb
შოთა ტყეშელაშვილი
02.08.19 00:20
1348
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მისი ყოფილი საქმიანობისა და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ნიკა გვარამიას ესაუბრა. ჩანაწერის სრული ვერსია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის YouTube გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. მასში ზურაბ ადეიშვილი საუბრობს იმ შეცდომებზე, რაც წინა ხელისუფლებამ ბიზნესთან ურთიერთობაში დაუშვა.

ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, სახელმწიფოს ბიზნესმენთა მხრიდან ჩადენილ კანონდარღვევებთან მიმართებით სხვა პოლიტიკა ჰქონოდა. კერძოდ კი ეს კომპანიები დაყადაღებულიყო, კანონდამრღვევების მიმართ კი შესაბამისი სასჯელები გამოეყენებინათ. ადეიშვილის თქმით, ამის ნაცვლად, სახელმწიფო "შორთქათებს" მიმართავდა და ამ ბიზნესმენებს ცალკეული პროექტების დაფინანსებას ავალდებულებდა. 

"ორი პროცედურა არსებობდა: ერთი პროცედურით, ვთქვათ, ადამიანს აღმოუჩინე, რომ [უკანონოდ] მოიპოვა 20 მილიონი ლარი. სწორი გზა არის, რომ ეს ფირმა უნდა დაყადაღდეს, უნდა გადაიხადოს გადასახადი, ეს ადამიანი კი უნდა დაისაჯოს. იმის გამო, რომ ეს ძალიან დაარტყამდა ეკონომიკას და მით უმეტეს, ამ კომპანიასაც, არსებობდა შორთქათები", – განმარტა მან.

ადეიშვილი ასევე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ არასწორი პოლიტიკა არსებობდა და სახელმწიფო განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჯარიმებს იყენებდა. 

"პატარა მაღაზია რომ ჰქონდა, მაგალითად, ვიღაცას სოფელში და ჩეკის გარეშე [მუშაობდა]...ესეც შეცდომა იყო", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები